„რომ არა პანდემიიდან გამომდინარე ცაიტნოტური ვითარება, ეს განხილვები, როგორც წესი, უნივერსიტეტებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივ ადგილებში გაიმართებოდა. საყოველთაო-სახალხო განხილვა არ გულისხმობს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს მხოლოდ, არანაირი ექსკლუზივი აქ არავის არ აქვს. კარგი იქნება, თუ საექსპერტო წრეები ჩაერთვებიან და იაქტიურებენ, “ -განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას, რომელიც თბილისში, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმ სპეციალისტების მოსაზრებები, რომელთაც კონსტიტუციაზე მუშაობის დიდი, 30-წლიანი გამოცდილება აქვთ.
„ამ ცვლილებების ინიცირება რომ შესაძლებელი გახდა, მე მგონი, ჩვენი კონსტიტუციური ისტორიის განმავლობაში ყველაზე ფართო პოლიტიკური კონსენსუსით პარლამენტის შიგნით, ეს შემთხვევითი არ არის. ამიტომ ყურადღებით მოვისმენ ყველა პოზიციას, მაგრამ მექნება სურვილი იმისა, რომ ყველამ გავითვალისწინოთ, თუ რა არის დაკავშირებული ამ ცვლილებებთან. ამ წუთში ჩვენ - საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს - ერთადერთი დოკუმენტი გვიჭირავს ხელში, რომელიც ითვალისწინებს ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას. წინ არის ძალიან სერიოზული და რთული პროცესები - ადგილობრივი არჩევნები, შემდგომი მოვლენები, მსოფლიო არეულია, რეგიონი არეულია, კოვიდი და ა.შ. ჩვენ გვჭირდება შეთანხმებების გზით სიარული, გავუფრთხილდეთ ამ მიღწეულ შეთანხმებას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ტრანსლაცია მინდინარეობს პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის და სოციალური მედიის (facebook) საშუალებით, სადაც თითოეულ დაინტერესებულ მოქალაქეს, ასევე ექსპერტებს საშუალება აქვთ, დასვან კითხვები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში. კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები ყველა დასმულ კითხვას პირდაპირ ეთერში პასუხობენ.