„ორპოლუსიანობა ქვეყნისთვის კარგის მომტანი არ არის, რასაც კარგად ვხედავთ ყოველდღიურად. ეს უნდა დასრულდეს მრავალპარტიული პარლამენტის შესაძლებლობის არსებობით“, - განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა თეონა აქუბარდიამ კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას, რომელიც თბილისში, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს.
მისი თქმით, დღევანდელ პარლამენტში წარმოდგენილი არიან პარტიები, რომელთაც 5%-იანი ბარიერი ჰქონდათ არჩევნებში.
„ის, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ამომრჩეველს საკანონმდებლო ორგანოში და მათი ხმა ვართ, არის მნიშვნელოვანი ნამდვილი დემოკრატიისთვის. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ფართო წრეების წარმომადგენელთა მოსაზრების მოსმენა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში.
თუ ჩვენ გვსურს ნამდვილად დემოკრატიული ქვეყანა ავაშენოთ, მრავალპარტიული პარლამენტის მიღწევა უნდა შევძლოთ და, მეორე მხრივ, პროკურატურა რაც შეიძლება დამოუკიდებელი უნდა იყოს“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.