ბერდია სიჭინავა - შეზღუდვების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოქალაქეებისთვის უპირობო ჩამოწერამ, მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების დარღვევის ფაქტები წაახალისა

17 Aug 2021 17:48

დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოქალაქეებისთვის უპირობო ჩამოწერამ, წაახალისა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების დარღვევის ფაქტები და მომავალში უფრო მძიმე შეზღუდვების დაწესების აუცილებლობის დადგომის შემთხვევაშიც კი, ასეთ რეგულაციებს, შესაძლოა უკვე აღარ ჰქონდეს შემზღუდავი ეფექტი“,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, Covid 19-თან ბრძოლა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ზეპარტიული საკითხია.


„ვფიქრობ, ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი იმ მძიმე რეალობას, რაც ვირუსის მართვაში დაშვებულმა მძიმე შეცდომებმა, არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ და პოპულისტურმა გადაწყვეტილებებმა მოიტანა. ამ საკითხზე საჭიროა ღია დისკუსია ყოველგვარი ნიშნისმოგების გარეშე, რომ პირველ ეტაპზე შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდეს და მომავალში მსგავსი შეცდომები თავიდან იქნეს აცილებული. სამწუხაროდ, Covid 19-ის პრობლემამ ხელისუფლებისთვის დაკარგა აქტუალობა და პოლიტიკური პროცესების გააქტიურების ფონზე, იქცა მეორეხარისხოვან საკითხად. შედეგად, საზოგადოებაში გაჩნდა ილუზია, რომ ვირუსი დავამარცხეთ! ხელისუფლებამ შეწყვიტა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან კონსულტაციები და მჭიდრო თანამშრომლობა, შესაბამისად მათი მოსაზრებების გათვალისწინებაც! ხელისუფლებამ მიიღო არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები სახელმწიფოებთან საზღვრების ფართოდ გახსნის შესახებ, მათ შორის მაღალი რისკის შემცველ, ეპიდემიოლოგიურად „წითელი ზონის“ ქვეყნებთან ისე, რომ ყოველგვარი „ფილტრები“ საზღვარზე ვირუსის შესაკავებლად, იქნა მოხსნილი, რამაც, ბუნებრივია, ვირუსის ცირკულაცია ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზარდა!


ხელისუფლებამ, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება, როგორც ვირუსთან ბრძოლის აქამდე არსებული ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღი, პოპულისტური გადაწყვეტილებით გააუქმა, რაც არ ეფუძნებოდა რაიმე წონად არგუმენტს და არანაირი გვერდითი დადებითი ეკონომიკური ეფექტი არ გააჩნდა! შედეგად, პირბადის ტარების ვალდებულება უკვე დახურულ სივრცეშიც აღარ მუშაობს! ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით დაუშვა შეცდომა, რაც დღევანდელი გადაწყვეტილებით, პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულების დაბრუნებით, აღიარა! დისტანციური მუშაობის რეჟიმი, საჯარო და კერძო სექტორში, გაუქმდა, რამაც ხალხის მობილობა მნიშვნელოვნად გაზარდა სამსახურებში, ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში! ვერ დაიგეგმა ვაქცინაციის საყოველთაო და ეფექტური კამპანია! დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლი შესუსტდა! შედეგად მივიღეთ ქორწილები, ქელეხები და ივენთები, ყოველგვარი რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვის გარეშე, რაც ეპიდემიის უკონტროლო გავრცელების თვალსაზრისით, არის ყველა მაღალი რისკის მატარებელი! დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოქალაქეებისთვის უპირობო ჩამოწერამ, წაახალისა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების დარღვევის ფაქტები და მომავალში უფრო მძიმე შეზღუდვების დაწესების აუცილებლობის დადგომის შემთხვევაშიც კი, ასეთ რეგულაციებს, შესაძლოა უკვე აღარ ჰქონდეს შემზღუდავი ეფექტი “,- აღნიშნავს სიჭინავა.



კომენტარები:

ფართი შოპი