შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ ღია და საინტერესო დისკუსიის შედეგად ჩვენ შევძლებთ კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას

17 Aug 2021 18:12

„დარწმუნებული ვარ ღია და საინტერესო  დისკუსიის შედეგად ჩვენ შევძლებთ კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას. ყველა პარტია განწირული ვართ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ, რადგან ერთმანეთის გარეშე ამ ცვლილებებს ვერ მივიღებთ. ამიტომ გვჭირდება, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ  და არგუმენტები გავცვალოთ“, - განაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

 

მისი თქმით, კომისიის მიზანი იყო საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების და მოსაზრებების შეგროვება, შემდეგ პარლამენტისთვის გადაცემა, პარლამენტი კი, უკვე საკომიტეტო განხილვის ფორმატში იმსჯელებს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თუკი ვინმე პარლამენტში კონსტრუქციულობით გამოირჩევა ეს „ქართული ოცნებაა“, რაც საარჩევნო რეფორმამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.

 

„როდესაც არის არგუმენტებით გამყარებული იდეები, ამის გაზიარება, რა თქმა უნდა, ყველას ინტერესშია. სწორედ, ამ ფორმატს ვთავაზობთ ჩვენ, ჩვენს კოლეგებს, რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. 19 აპრილის შეთანხმების ანულირებამ ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ინიცირებულ პროექტზე უფრო ღია დისკუსია გვქონდეს და ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება მივიღოთ“, - განაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის თავმჯდომარემ, საარჩევნო ბარიერზე საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პარტიული სისტემის განვითარებისთვის დროებითი ღონისძიების სახით შეიძლება გონივრული იყოს საარჩევნო ბარიერის დაწევა და ეს „ქართულმა ოცნებამ“ საქმით დაამტკიცა, როცა მის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები  1-პროცენტიანი ბარიერით ჩატარდა. კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს თბილისში, პარლამენტის სასახლეში გაიმართა.


კომენტარები:

ფართი შოპი