შარლ მიშელი - უკრაინა არასდროს იქნება მარტო, ყირიმი უკრაინააა

23 Aug 2021 15:57

ჩვენ არ ვაღიარებთ არც ახლა და არც მომავალში რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე განაცხადა.


მისივე თქმით, ყირიმის უკანონო ანექსიის ლეგიტიმაცია არასდროს მოხდება.


„ყირიმი უკრაინაა და მოხარული ვარ, რომ ვესწრები „ყირიმის პლატფორმის“ პირველ სამიტს. მე აქ ვარ იმისთვის, რომ დავადასტურო ევროკავშირის ურყევი პოზიცია: ჩვენ არ ვაღიარებთ არც ახლა და არც მომავალში რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას. ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნებით საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის. რუსეთის ასეთ უკანონო ქმედებებს მძიმე ფასი აქვს. ევროკავშირის მიერ დაწესებული შემზღუდველი ზომები, რასაც ჩვენ რეგულარულად ვაწესებთ 2014 წლის შემდეგ, ამის ნათელი დემონსტრირებაა და ჩვენი მიზანია დაგარწმუნოთ, რომ უკანონო ანექსიის ლეგიტიმაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება“,- აღნიშნა მიშელმა.


მისივე თქმით, უკანონო ანექსია და ყირიმსა და მის გარშემო არსებული სიტუაცია საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარ საკითხად უნდა დარჩეს.


„ამიტომ, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმას ჩვენი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. უკანონო ანექსია ეწინააღმდეგება საერთაშორისო დღის წესრიგის ფასეულობებს, რომლის შენარჩუნებითაც ჩვენ ყველანი დაინტერესებულები ვართ, ამიტომ მოვუწოდებთ, რაც შეიძლება ფართო საერთაშორისო მხარდაჭერისკენ ყირიმის ანექსიის საკითხთან დაკავშირებით არაღიარების ზომების გატარებით და საერთაშორისო პლატფორმაზე დაცვით.


სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ანექსიის უარყოფით შედეგებს. ნახევარკუნძულის მილიტარიზაციის გაგრძელება, უარყოფით ზეგავლენას ახდენს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე. ეს უნდა შეიცვალოს.


ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. გვსურს დავადასატუროთ, რომ უკრაინა არასდროს იქნება მარტო და ყირიმი უკრაინაა,“- აღნიშნა მიშელმა.




კომენტარები:

ფართი შოპი