გია ვოლსკი - რეალური კვლევები იქნება მაშინ, როცა არჩევნები ჩატარდება და დაინახავთ, რომ გაცილებით მეტი იქნება მხარდაჭერა, ვიდრე 44 პროცენტი

23 Aug 2021 17:18

გაცილებით მეტი იქნება მხარდაჭერა, ვიდრე 44 პროცენტი - თავად ოპოზიციას, გარდა იმისა, რომ დესტაბილიზაციამ შეიძლება რაღაც დივიდენდი მოუტანოს, არავითარი იმედი არ აქვს, რომ წარმატებული იქნება და პირველ ადგილზე გავა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან შიდაპარტიული კვლევის კომენტირებისას განაცხადა.


მისივე თქმით, „ქართული ოცნების" უპირატესობაზე არავინ დავობს.


„უპირატესობა რომ აქვს „ქართულ ოცნებას", ამას არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპონენტებიც ვერ უარყოფენ. რეალური კვლევები იქნება მაშინ, როცა არჩევნები ჩატარდება და თქვენ დაინახავთ, რომ გაცილებით მეტი იქნება მხარდაჭერა, ვიდრე 44 პროცენტი. რასაკვირველია, ოპოზიციას აქვს გარკვეული შანსები, მაგრამ როცა საუბარი სულ მიდის იმაზე, რომ რევოლუცია, დესტაბილიზაცია უნდა მოხდეს, როცა ბრალდებების შემცველი განცხადებები კეთდება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, როცა არასწორი ინფორმაცია მიეწოდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, უნდა ვიფიქროთ, რომ თავად ოპოზიციას, გარდა იმისა, რომ დესტაბილიზაციამ შეიძლება რაღაც დივიდენდი მოუტანოს, არავითარი იმედი არ აქვს, რომ წარმატებული იქნება და გავა პირველ ადგილზე, მაგრამ რასაკვირველია ოპოზიცია საქართველოში უნდა არსებობდეს, ლაპარაკობდეს გეგმაზე, დავობდეს ეკონომიკაზე, სოციალურ პრობლემებზე თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე და არა მუდმივად საუბრობდეს იმაზე, რომ დესტაბილიზაცია საქართველოსთვის არის ხსნა,"- განაცხადა ვოლსკიმ.


ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, ქუთაისში „ქართული ოცნება“ 44.7%-ით ლიდერობს, ხოლო მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 50.3%-ით.


რაც შეეხება სხვა პარტიების რეიტინგებს, კვლევის მიხედვით ასე გადანაწილდა: 

„ნაციონალური მოძრაობა“ 32.6%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 3.1%; პარტია „საქართველოსთვის“ 2.9%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2.6%; „გირჩი მეტი თავისუფლება“ - 2.5%; „ლელო“- 2.3%; „ევროპული საქართველოსთვის“- 2.2%; „მოქალაქეები“ 1.5%; „ლეიბორისტული პარტია“ -1.5%; „გირჩი“ - 0.4%; „ერთიანი საქართველო“ -0.4%; სხვა პარტიები- 3.3%.




კომენტარები:

ფართი შოპი