გიორგი ვაშაძე - უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და დაიწყოს ფართო დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით

24 Aug 2021 14:43

ვფიქრობ, რომ უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და უნდა დაიწყოს ფართო დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.


მან როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას მიმართა, საერთო პასუხისმგებლობა იკისრონ და აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა ერთობლივად დაიწყონ.


„უმძიმესი ვითარება გვაქვს კორონავირუსთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეწირება ამ ვირუსს, ვიზიარებ ამ ოჯახების მწუხარებას. 


შესაბამისად, ვფიქრობ, დღეს ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს სწორედ კოვიდთან ბრძოლა და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და უნდა დაიწყოს ფართო დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ხელისუფლების ხელშია არჩევნების გადადების საკითხი, მაგრამ ახლა იმის დრო არ არის, ვინ ვისკენ გაიშვერს ხელს, ვინ იტყვის პირველი, ვინ მეორე, ვის უნდა და ვის არა არჩევნები, მაგრამ ფაქტია, რომ მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. პოლიტიკაც, არჩევნებიც, ყველაფერი ადამიანებისთვის გვაქვს და თუ ადამიანების სიცოცხლე არ გადავარჩინეთ, თუ კომპლექსურ ნაბიჯებს არ გადავდგამთ ამ პირობებში, წინ ვერანაირად ვერ წავალთ. გავიხსენოთ გასული წელი. სამწუხაროდ, გასულ წელსაც არჩევნებმა ნოემბერსა და დეკემბერში გაზარდა ინფიცირებულების რაოდენობა. ამ ვითარებაში, როცა სამედიცინო სისტემა ფაქტობრივად კოლაფსშია, ექიმები ვეღარ აუდიან პაციენტებს, როცა ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და საერთო გადაწყვეტილებაში, საერთო დისკუსიაში მივიღოთ მონაწილეობა არჩევნების ჩატარებასთან ან მცირედით გადავადებასთან დაკავშირებით. 2-3 კვირით არჩევნების გადავადება ნამდვილად არ შეცვლის რადიკალურად ვითარებას. გაცილებით უფრო დიდი ამოცანა გვაქვს დღეს გადასაწყვეტი, ამიტომ, პირველ რიგში, მივმართავ „ქართულ ოცნებას“, კარგად დაფიქრდით, დღეს პასუხისმგებლობა თქვენზეა იმიტომ, რომ ჯერჯერობით თქვენ ხართ ხელისუფლებაში. ნამდვილად არ ვაპირებ ხელის გაშვერას და ა.შ, მაგრამ გთხოვთ, ამ ერთხელ მაინც დაფიქრდით კარგად, ასევე მივმართავ ოპოზიციურ პარტიებს, ყველამ ერთად საერთო პასუხისმგებლობა ვიკისროთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ნუ შეგვეშინდება იმ ინიციატივებით გამოსვლა, რომელიც ხალხს სჭირდება“,- განაცხადა ვაშაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი