თამარ გაბუნია - დღეს კლინიკებში არის 7400 პაციენტი და აქედან დაახლოებით 70% არის ჟანგბადდამოკიდებული - რამდენიმე წყაროდან ვიღებთ ჟანგბადს, რათა დეფიციტი არ შეიქმნას

24 Aug 2021 17:27

დღეს კლინიკებში არის 7400 პაციენტი. მათი დიდი ნაწილი, დაახლოებით 70% არის ჟანგბადდამოკიდებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


მისივე თქმით, კლინიკებთან აქტიურად მუშაობს როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რათა ჟანგბადის მოწოდება სხვადასხვა ქვეყნიდან მოხდეს. მისი ინფორმაციით, ამ მხრივ საქართველოს აზერბაიჯანი და თურქეთი ეხმარებიან.


„ასევე, რამდენიმე კლინიკამ ავტონომიური ქარხანა დაიმატა და ამ მიმართულებით სრულიად დამოუკიდებლად მუშაობენ. კლინიკებს ყოველთვის ვაფრთხილებთ, ისე არ მოხდეს, რომ ჟანგბადის წყარო იყოს გახსნილი და ის ტყუილად იკარგებოდეს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც გვქონდა.


საგანგაშო ვითარება ნამდვილად არ არის. რამდენიმე წყაროდან ვიღებთ ჟანგბადს, რათა გადაზღვევა მოხდეს და ერთი წყაროს დაკარგვის შემთხვევაში, დეფიციტი არ შეიქმნას. ბუნებრივია, ამის მნიშვნელობა ყველას ესმის და ძალები მაქსიმალურად არის მობილიზებული, რათა კლინიკებს ეს პრობლება არ შეექმნათ. იმისთვის, რომ ჟანგბადის მიწოდება უზრუნველყოფილ იქნას, მუშაობის რეჟიმი საკმაოდ დატვირთულია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა ვაქცინაციის პროცესზე და აღნიშნა, რომ ორივე დოზით ვაქცინირებული მოზრდილი მოსახლეობის რაოდენობა 10.7% - ია.


„ამ შემთხვევაში საინტერესოა ის, რომ ჩატარებული აცრების საერთო რაოდენობა უკვე 1 000 000 აჭარბებს, 700 000 - მდე მოქალაქე აცრილია 1 დოზით და ერთ დოზასაც აქვს გარკვეული დამცველობითი ეფექტი. 300 000 - ზე მეტი მოქალაქე კი უკვე ორივე დოზით არის აცრილი. თუმცა სწორედ აცრების ყოველდღიური 40 000 ნიშნული არის მნიშვნელოვანი, რათა მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაციამდე სწრაფად მივიდეთ და უკვე გარკვეული, სერიოზული და რაც მთავარია სტაბილური გარდატეხა შევიტანოთ ეპიდემიაში. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლომდე 40 000 ვაქცინაციის ნიშნულის მიღწევის შემთხვევაში, უკვე რეალურად მივიღებთ დაცვის იმგვარ ფონს, რომ უკვე ოქტომბერ-ნოემბერში ასეთ მიმდინარეობას აღარ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი