ნიკა მელია - დღეში ვკარგავთ 60-მდე ადამიანს, თუ პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია „ლოქდაუნით“ ან არჩევნების გადადებით, იმნაძემ, გამყრელიძემ და ცერცვაძემ ამაზე უნდა ისაუბრონ

24 Aug 2021 19:44

დღის განმავლობაში ვკარგავთ 60-მდე ადამიანს, თუკი პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ „ლოქდაუნის“ დაწესებით ან არჩევნების გადადებით, იმნაძემ, გამყრელიძემ და ცერცვაძემ ამაზე უნდა ისაუბრონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობის თაობაზე.


როგორც მელიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ეპიდემიოლოგებისა და ექიმების პოზიცია და მთავარი გადაწყვეტილება სწორედ ამ პოზიციის გათვალისწინებით უნდა იქნას მიღებული.


„ამ ეტაპზე ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა გვითხრან, საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენონ, თუ როგორია მათი ხედვა, როგორია მათი პროგნოზი კარს მომდგარი პერიოდის გათვალისწინებით კორონავირუსის გამძაფრება თუ არგამძაფრება, რამდენად რეალურია საფრთხე, ამ ყველაფერთან დაკავშირებით მათ უნდა ისაუბრონ, თუ რა მდგომარეობა გვაქვს და ამ მიზეზებზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, თუ რატომ მოვედით დღევანდელ მდგომარეობამდე.


ხელისუფლება სამწუხაროდ იყენებდა ვითარებას კორონავირუსთან მიმართებაში პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებდა გადაწყვეტილებას და არა რეალურ ნაბიჯებს დგამდა. ამიტომ ახლა მართლაც ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა ეპიდემიოლოგებმა და ექიმებმა საზოგადოებას უთხრან, თუ რა გველოდება ჩვენ. ამ წუთის მდგომარეობით არის სრული ვაკუუმი და პრაქტიკულად სიბნელეში დგამენ ნაბიჯს და ამ სიბნელეში ხელების ფათურით დღის განმავლობაში ვკარგავთ 60-მდე ადამიანს, ეს ერთი და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი - თუკი პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი „ლოქდაუნის“ დაწესებით ან არჩევნების გადადებით, ჩვენ ხომ პროფესიონალებზე ვსაუბრობთ - ბატონ გამყრელიძეზე, იმნაძეზე, ცერცვაძეზე, ამ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ, ვინ თუ არა მათ იციან, ხელი უდევთ პულსაციაზე, თუ რამდენად მძიმეა ვითარება, უნდა გამოვიდნენ და საზოგადოებას გვითხრან, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებს, თუ რა უნდა გაკეთდეს ხვალ. თუ ეს გასაკეთებელია და პროფესიონალები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა ვეღარ უძლებს წნეხს და ვეღარ უძლებენ ჩვენი ინფორმაციით და არის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა ხელისუფლებას და ეპიდემიოლოგებს შორის, ამის თაობაზე საუბარი უნდა გაიხსნას მათი მხრიდან. 


აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია, რეალობას გავუსწორებთ თვალს. ოღონდ ისე არ მოხდეს, როგორც მოხდა შარშან, როცა დეკემბრის თვეში ერთ-ერთმა მთავარმა ეპიდემიოლოგმა განაცხადა, რომ სექტემბრის თვეში აჭარის რეგიონი მთლიანად რომ ჩაგვეკეტა, ბევრ პრობლემას თავიდან ავირიდებდითო. ეს თქვა დეკემბერში. 


აგერ ბატონო, ვართ საარჩევნო პროცესში და უნდა გამოვიდნენ ბატონი გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე და უნდა თქვან, თუ მათ ვინმე არ ეთანხმება ხელისუფლებაში, ამასაც გავიგებთ“, - განაცხადა მელიამ.


რაც შეეხება ხელისუფლების ბრალდებებს, რომ ამ საკითხის წამოჭრა რეალურად ოპოზიციის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, რადგან არჩევნების წაგების ეშინიათ, მელია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად 40%-ის აღების შანსიც არ აქვს ამ არჩევნებზე.


„ქართული ოცნება“ საქმის კურსში არის, თეორიული შანსიც კი არ აქვთ 40% - იან ზღვრამდე, ჩვენ გვაქვს ყოველდღიურად კვლევების ჩატარების შესაძლებლობა და გარდა ამისა, ველზე ვართ აქტიურად გასული და ვხედავთ რა ვითარებაა „ქართული ოცნებისთვის“ შექმნილი საზოგადოებაში, რომელიც მათი საწინააღმდეგო არის. ამიტომ, „ქართული ოცნება“ რომ შავზე თეთრს იტყვის, ეს არავის აღარ აინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს პროფესიონალების პოზიცია.


სახალხო დამცველს შეიძლება ჰქონდეს თავისი პოზიცია, რომელიღაც პოლიტიკოსს თავისი, ან არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მაგრამ პასუხისმგებლობა ვისაც აქვს აღებული, საკოორდინაციო საბჭოს ვგულისხმობ, მათ უნდა თქვან და მთავარი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული მათი პოზიციის გათვალისწინებით,“- განაცხადა მელიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი