"დიდი შვიდეული“ - ავღანეთის მომავალი მთავრობის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიდგომა აქვს მას საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ

25 Aug 2021 11:53

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების განცხადებით, ავღანეთში მომავალი მთავრობის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიდგომა ექნება მას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართ.


ვირტუალური სამიტის შემდეგ, „დიდი შვიდეულის“ წევრები ავღანეთთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.


„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ "თალიბანი" პასუხისმგებელი იქნება ტერორიზმის პრევენციის მიმართულებით განხორციელებულ ქმედებებზე, ადამიანის განსაკუთრებით ქალების, გოგონების და უმცირესობების უფლებებზე და ავღანეთში ინკლუზიური პოლიტიკური გამოსავლის განხორციელებაზე. ნებისმიერი მომავალი მთავრობის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიდგომა აქვს მას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართ, რათა უზრუნველყოს ავღანეთის სტაბილურობა. ჩვენ ავღანეთის მხარეებთან დაკავშირებით არა მათი სიტყვების, არამედ მათი მოქმედებების მიხედვით ვიმსჯელებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.


მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან, რომ ავღანეთი აღარასოდეს უნდა იქცეს ტერორიზმის უსაფრთხო თავშესაფრად და არც სხვებზე ტერორისტული თავდასხმების წყაროდ.„პარტნიორებთან, კერძოდ ნატოს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ ტერორიზმთან ბრძოლას, სადაც არ უნდა იყოს. ავღანეთის ნებისმიერმა მომავალმა მთავრობამ უნდა შეასრულოს ქვეყნის საერთაშორისო და ტერორიზმის წინააღმდეგ დაცვის ვალდებულებები, დაიცვას ყველა ავღანელის უფლებები, განსაკუთრებით, ქალების, ბავშვების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებები. 


კანონის უზენაესობა, დაუშვას შეუფერხებელი და უპირობო წვდომა ჰუმანიტარული კუთხით და ეფექტურად ებრძოლოს ადამიანებით და ნარკოტიკებით ტრეფიკინგს. ჩვენ მოვუწოდებთ ავღანეთში ყველა მხარეს კეთილსინდისიერად იმუშაონ ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობის შესაქმნელად, მათ შორის ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების მნიშვნელოვანი მონაწილეობით“, - წერია ერთობლივ დეკლარაციაში.


„დიდი შვიდეულის“ წევრების თქმით, ახლა უშუალო პრიორიტეტია ავღანეთიდან ადამიანების უსაფრთხო ევაკუაცია.


„ჩვენ სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ ავღანეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ავღანეთის და სხვა ქვეყნების დაუცველი მოქალაქეების უსაფრთხოება და მოხდეს ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილება. 


ჩვენ მათ მოვუწოდებთ დაიცვან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ვალდებულებები, მათ შორის ქალების, გოგონების და უმცირესობების ჯგუფების უფლებები და რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი დაცული იყოს ნებისმიერ ვითარებაში“, - წერია განცხადებაში.




კომენტარები:

ფართი შოპი