სერგო ჩიხლაძე - პასუხისმგებლიანი პარტიები დასვამენ კითხვას - ისეთ პირობებში, როცა 5 000 ახალი შემთხვევა გვაქვს და პირველ ადგილზე ვართ გარდაცვლილთა რაოდენობით, მზად ვართ არჩევნების ჩასატარებლად?

25 Aug 2021 14:45

პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალები დასვამენ ამ კითხვას - ასეთ პირობებში, როცა 5 000- 6 000 ახალი შემთხვევა გვაქვს, მსოფლიოში პირველები ვართ როგორც ინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე, მზად ვართ არჩევნების ჩასატარებლად? როდესაც ამდენი ადამიანი ინფიცირდება, 60-70 იღუპება და სამწუხაროდ, ეს ციფრი სექტემბერში გაიზრდება, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ხალხი შიშით არ მივიდეს არჩევნებზე, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობის „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, მთავრობას პანდემიის მართვის კონკრეტული გეგმა არ გააჩნია.


„მთავრობა როგორ ებრძვის პანდემიას? 

როგორ ამცირებს ამ სტატისტიკას? ამისთვის მათ არაფერი გაუკეთებიათ და, საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ დღევანდელ ბრიფინგზე ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის, ყველას ყველაფერი ეჩვენება და ოპონენტები არიან დამნაშავე იმაში, რომ „ქართული ოცნება“ პანდემიას ვერ მართავს. საზოგადოება ხვდება, რომ ადამიანთა ჯანმრთელობა მათ არ აღელვებთ“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.


მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველ ძალას არჩევნების გადადების ინიციატივა დისკომფორტს უქმნის.


„ძალიან მწვავედ და მწარედ მოხვდათ ჩვენი, სხვა ოპოზიციური პარტიებისა და ექსპერტების შეთავაზება არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. მათ იციან, რაც უფრო გადაიწევს არჩევნები, მათი შანსები კიდევ უფრო მცირე იქნება, რადგან საზოგადოება მათ უთავბოლობას კარგად ხედავს და იაზრებს, რომ ადამიანთა სიცოცხლე არ ანაღვლებთ.


რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, ჩვენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების მიუხედავად გადასული ვართ სოციალურ ქსელებზე, ონლაინ რეჟიმზე, პირისპირ ადამიანებთან დისტანციასა და მინიმალურ კონტაქტზე. სწორედ ამიტომ, ჩვენგან ეს საფრთხე არ იქნება“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი