„სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს მიმართავს და აცხადებს, რომ მასზეა პასუხისმგებლობა თქვას, საჭიროა თუ არა ქვეყანაში კოვიდრეგულაციების გამკაცრება და უქმნის თუ არა პრობლემას საარჩევნო პროცესი ადამიანების ჯანმრთელობას.
ამასთან, როგორც ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე „ქართული ოცნების“ განცხადებები უპასუხისმგებლობაა.
„ჯანდაცვის სისტემა უმძიმეს ვითარებაშია და ხალხს ეშინია კოვიდპანდემიის იმიტომ, რომ სისტემა არ იმართება ისე, როგორც უნდა იმართებოდეს. ამ ფონზე „ქართული ოცნების“ განცხადებები, რასაც გუშინ და დღეს ვისმენთ, არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო. რამდენად უპრინციპო უნდა იყო ადამიანი, რომ კვლავ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ კოვიდპანდემიასაც. ჩვენ ყოველთვის რბილად ვსაუბრობდით არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, მათი მიზანი კი არის, რომ კვლავ აჩვენონ, რომ ქვეყანა ორპოლუსიანია, თქვან, რომ ყველა ერთი პარტიაა, მათ შორის სახალხო დამცველი და რომ პარტიებსა და პოლიტიკოსებს შორის განსხვავება არ არის.
ნუთუ არ გრცხვენიათ? ამ ვითარებაში, როდესაც ამდენი ადამიანი კვდება, თქვენი სტანდარტული პოლიტიკური სტრატეგია, რომ ყველა პარტია ერთი პარტიაა და ყველა განსხვავებული აზრი არის ერთი პარტიიდან ნათქვამი, ეს მოიშორეთ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უბედურება.
ტრაგედია ტრიალებს ქვეყანაში.
უბნებში სიკვდილის სუნი ტრიალებს. თქვენ კი ამ ფონზე ამ სიბინძურეს მიმართავთ.
მინდა მივმართო ამირან გამყრელიძეს, ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ არ მოვისმენთ რამე ისეთს, რაც ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო. თქვენ არ ხართ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, შესაბამისად, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა არის თქვენზე. არა მინიშნებებით, როგორც გუშინ თქვით, რომ ფიქრობთ, რომ ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრებაა საჭირო, არამედ გამოდით და გვითხარით - გასამკაცრებელია თუ არა ქვეყანაში რეგულაციები, რათა ქვეყანაში გადაცემის ჯაჭვი შეწყდეს და მეორე, რას ფიქრობთ არჩევნებთან დაკავშირებით, უქმნის თუ არა პრობლემას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საარჩევნო პროცესი. ამაზე პასუხისმგებლობა გაქვთ თქვენ და გთხოვთ, ამ პასუხისმგებლობას ნუ გაექცევით“,- განაცხადა ვაშაძემ.