ნინო ლომჯარია - ირაკლი კობახიძის განცხადება ნამდვილად არ იყო რეალობასთან შესაბამისი, მოვუწოდებ, გვერდზე გადადონ პოლიტიკური ინტერესები

25 Aug 2021 14:56

ვფიქრობ, ირაკლი კობახიძის ეს განცხადება ნამდვილად არ იყო რეალობასთან შესაბამისი. მოვუწოდებ მათ, გვერდზე გადადონ პოლიტიკური ინტერესები",- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.


როგორც ლომჯარია აცხადებს, ყველა პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით მმართველი პარტია ცდილობს, ნებისმიერი განცხადება, თუ კრიტიკა კონკრეტულ ინტერესებთან დააკავშიროს.


"ვფიქრობ, არჩევნების გადადება იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ რეალურად ხელისუფლება არა წინასაარჩევნო პერიოდზე და პოლიტიკაზე კონცენტრირდეს, არამედ კოვიდის მმართვაზე. ვფიქრობ, საზოგადოებამ სწორად აღიქვა ის მოწოდება, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ არჩევნების გადადებაზე. ვფიქრობ, ირაკლი კობახიძის ეს განცხადება ნამდვილად არ იყო რეალობასთან შესაბამისი. მოვუწოდებ მათ, გვერდზე გადადონ პოლიტიკური ინტერესები. ყველამ ვიფიქროთ, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფრო ნაკლები ადამიანი კვდებოდეს, არ ეშინოდეთ ჯანდაცვის სფეროში მოხვედრა",-აღნიშნავს ლომჯარია.


ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა, ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს, იმის მიუხედავად, რომ კოვიდი არის გამოწვევა როგორც ინფიცირების, ასევე სიკვდილიანობის თვალსაზრისით.


როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს ანომალიაა.


"პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, ეს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად არის უკვე ანომალია, შეიძლება ითქვას. ამას რომ თავი დავანებოთ, დღეს ვხედავთ, რომ გაშლილია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი კამპანია თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, რაც არის საარჩევნო მარცხის წინასწარი აღიარება და ბუნებრივია, ამას საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს",-აღნიშნა კობახიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი