ანგელა მერკელი - ევაკუაციას იმდენ ხანს გავაგრძელებთ, რამდენიც საჭირო იქნება იმ ავღანელების დასაცავად, რომლებიც ჩვენთვის მუშაობდნენ

25 Aug 2021 19:13

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია იმ ავღანელების დახმარებას, რომლებიც მის ჯარისკაცებთან და ორგანიზაციებთან მუშაობდნენ, 31 აგვისტოს შემდეგაც შეეცდება.


„ევაკუაციას იმდენ ხანს გავაგრძელებთ, რამდენიც საჭირო იქნება იმ ავღანელების დასაცავად, რომლებიც ჩვენთვის მუშაობდნენ. რამდენიმე დღეში საჰაერო ხიდის დასრულება არ უნდა ნიშნავდეს ავღანელების დახმარების მცდელობის დასრულებას. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ინტენსიურად ყველა დონეზე, რათა გამოვძებნოთ მათი დახმარების გზები, რომლებიც ჩვენ დაგვეხმარნენ,“ - აღნიშნა მერკელმა გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.


მან „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღების შემდეგ ავღანეთში შექმნილ სიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ იხილა სასოწარკვეთილი ადამიანები, რომლებიც ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ.


„ჩვენ ვნახეთ საშინელი ადამიანური დრამები, როდესაც ოჯახები შვილებს კედლების მიღმა მდგარ ჯარისკაცებს აწვდიდნენ,“ - აღნიშნა მერკელმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ სათანადოდ ვერ შეაფასა, რამდენად სწრაფად დაეცემოდა ავღანეთის რეჟიმი საერთაშორისო ძალების გაყვანის შემდეგ. მერკელის განცხადებით, ის ფაქტი, რომ „თალიბები“ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, მწარე რეალობაა, რასაც საერთაშორისო საზოგადოება უნდა გაუმკლავდეს.


„ისტორიაში ბევრ რამეს დიდი დრო სჭირდება, ამიტომაც არ უნდა დაგვავიწყდეს და არც დაგვავიწყდება ავღანეთი,“ - აღნიშნა მერკელმა.


გერმანიის კანცლერმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, „თალიბანთან“ დიალოგი შეინარჩუნოს, რათა დაიცვას ის მიღწევები, რასაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ავღანეთში მიაღწიეს.


„ჩვენი მიზანი უნდა იყოს მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის, რასაც ავღანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში მივაღწიეთ განხორციელებული ცვლილებების თვალსაზრისით. ეს არის ის, რაზეც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა ისაუბროს „თალიბანთან“, - აღნიშნა მერკელმა.




კომენტარები:

ფართი შოპი