გიორგი გახარიამ ბათუმში კანდიდატები მხარდამჭერების შეკრების გარეშე წარადგინა -„ეს არის ჩვენი სოლიდარობა ქართველი ექიმების წინაშე, რომლებიც დღეს ებრძვიან პანდემიას და ეს არის დიდი მწუხარების გამოხატვა გარდაცვლილების წინაშე“

25 Aug 2021 21:05

მძიმე კოვიდვითარების გამო პარტიამ „საქართველოსთვის“ აჭარაში კანდიდატების წარდგენის ღონისძიება დამსწრეების გარეშე ჩაატარა. ბათუმის მერის, მაჟორიტარებისა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების კანდიდატების წარდგენა სიმბოლურად დატოვებული ცარიელი სკამების თანხლებით წარიმართა.

„დღეს ეს ღონისძიება უნდა ყოფილიყო სხვანაირი. დღეს აქ უნდა ყოფილიყო ძალიან ბევრი ჩვენი მხარდამჭერი, თუმცა, უმძიმესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ღონისძიება ჩვენ უნდა ჩავატაროთ დამსწრეების გარეშე და ეს არის ჩვენი სოლიდარობა ქართველი ექიმების წინაშე, რომლებიც დღეს ებრძვიან პანდემიას და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი დიდი მწუხარების გამოხატვა გარდაცვლილების წინაშე“ - ასე მიმართა გიორგი გახარიამ მხარდამჭერებს, რომლებიც წარდგენის ტრანსლაციას ადევნებდნენ თვალს.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოში მძვინვარებს პანდემია და უნდა ვიცოდეთ, რომ პანდემია არ არის მხოლოდ სამედიცინო პრობლემა. პანდემია დღეს მსოფლიოშიც და საქართველოშიც არის სოციალური პრობლემა და ჩვენ ყველა ერთად უნდა ვებრძოდეთ და ერთად გავიმარჯვოთ ამ გამოწვევაზე“ - განაცხადა გახარიამ თავის გამოსვლაში.




კომენტარები:

ფართი შოპი