ირაკლი მიქელაძე: ვერთიანდებით ეკონომიკურად ძლიერი, ერთიანი, დასავლური ღირებულებების მქონე სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საქართველოსთვის

26 Aug 2021 02:26

„ვერთიანდებით ეკონომიკურად ძლიერი, ერთიანი, დასავლური ღირებულებების მქონე  სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საქართველოსთვის“- ამის შესახებ პარტია „საქარათველოსთვის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა ირაკლი მიქელაძემ განაცხადა. 


„დღეს აქ უნდა ყოფილიყო ათასობით ჩვენი თანაქალაქელი. კოვიდსიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებისგან თავის არიდების მიზნით, გადავწყვიტეთ, გვეთხოვა მათთვის, რომ არ მობრძანებულიყვნენ. პირველ რიგში მსურს, მათ მოვუბოდიშო, რადგან, ვიცი, რაოდენ დიდი იყო სურვილი დღეს აქ ყოფნისა და ამავდროულად მინდა ვუთხრა მათ მადლობა გაგებისთვის.


დღეს ჩვენ გავერთიანდით საქართველოსთვის!


ჩვენი გაერთიანება არ შექმნილა ვინმეს წინააღმდეგ, ჩვენს გულებში არ არის ბოღმა, შური და, რაც ყველაზე მთავარია, რევანშის წყურვილი.


ჩვენ ვერთიანდებდით საქართველოსთვის უმუშევრობის გარეშე!


ჩვენ ვერთიანდებდით საქართველოსთვის საქართველოსთვის კორუფციის გარეშე!


ჩვენ ვერთიანდებდით საქართველოსთვის საქართველოსთვის ტოტალური უიმედობისა და ნიჰილიზმის გარეშე!


საქართველოსთვის პოლარიზაციისა და შიდა შუღლის გარეშე, რისი მომსწრენიც, სამწუხაროდ, ახლა ვართ!


ვერთიანდებით ეკონომიკურად ძლიერი, ერთიანი, დასავლური ღირებულებების მქონე  სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საქართველოსთვის, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კანონის უზენაესობა და თანასწორობის პრინციპები"- განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.


ბათუმის მერობის კანდიდატმა ირაკლი მიქელაძემ სიტყვის გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ხელისუფალი ვალდებულია, ემსახუროს ხალხს, აღასრულოს მოსახლეობის ნება. 


"ყოველი მმართველი მხოლოდ ხალხის მიერ არის უფლებამოსილი და ნდობით აღჭურვილი. შესაბამისად ხელისუფალი ვალდებულია, ემსახუროს ხალხს, აღასრულოს მოსახლეობის ნება. სწორედ ამ იდეით ხელმძღვანელობს პარტია საქართველოსთვის და სწორედ ეს არის ის ღირებულება, რომლითაც ვიხელმძღვანელებ მე - ირაკლი მიქელაძე.


ჩვენი მიზანია ბათუმის, როგორც ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული ცენტრის პოტენციალის ამაღლება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და რეაბილიტაცია, თანამდეროვე საქალაქო ინფრასტრუქტურის შექმნა და უკვე არსებულის მოვლა-პატრონობა, ჩვენი მიზანია მოქალაქეებზე მუნიციპალური სერვისების ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე შეუფერხებელი მიწოდება.


არჩევნების მეშვეობით მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა შეარჩიოს და ხელისუფლების ორგანოებში წარაგზავნოს ღირსეული ადამიანები, რომლებიც თავის მხრივ უნდა გამოხატავდნენ და აღასრულებდნენ ხალხის ნებას. სწორედ ეს არის დემოკრატიის უმთავრესი პრინციპები, რომელსაც არჩევის შემდეგ სამწუხაროდ ივიწყებენ.  დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღოთ მხოლოდ თქვენთან ერთად!
დღეს, 25 აგვისტოს, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას: გავერთიანდეთ საქართველოსთვის და საარჩევნო ბიულეტენებთან მარტო დარჩენილებს, როდესაც მოგვიწევს ჩვენი უკეთესი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება - მხარი დავუჭიროთ წარმატებული მართვის გამოცდილების მქონე გუნდს და  აუცილებლად შემოვხაზოთ ნომერი 25" - განაცხადა ირაკლი მიქელაძემ, რომელიც ბათუმის მერობის კანდიდატად დღეს გიორგი გახარიამ წარადგინა.



კომენტარები:

ფართი შოპი