გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას არჩევნების გადადება არ უშველის, მარცხი უნდა მიიღოს, ამის შემდეგ კი დაჯდეს და კარგად იმეცადინოს

26 Aug 2021 14:36

ოპოზიციას არც არჩევნების გადადება, არც გადმოწევა და თარიღის შეცვლა არ უშველის, ის მარცხი უნდა მიიღოს, რასაც 2 ოქტომბერს საზოგადოება გაუფორმებს, ამის შემდეგ კი 3 წელი დაჯდეს და კარგად იმეცადინოს საზოგადოებასთან ერთად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას გამოეხმაურა.


მისი თქმით, ოპოზიცია ამჯერადაც ვერ თანხმდება საკითხზე და ყველას, ვინც არჩევნების გადადების მომხრე იყო, სააკაშვილმა ცივი წყალი გადაასხა.


„ოპოზიცია ამჯერადაც ვერ თანხმდება ამ შემთხვევაში არჩევნების გადადებაზე. ნაწილი მომხრეა, ნაწილი წინააღმდეგი, საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილმა ცივი წყალი გადაასხა ყველას, ვინც თვითმმართველობის არჩევნების გადადებას ითხოვდა. მან თქვა, რომ არჩევნები არათუ უნდა გადაიდოს, არამედ უნდა გადმოიწიოს. 


ასეთი არასტანდარტული, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, სამწუხაროდ, ახასიათებთ ოპოზიციონერებს. 


მათი ძირითადი საბაბი და მოტივი გასაგებია - საკუთარი კვლევები ნახეს, რომ იქ სახარბიელო მდგომარეობა არ არის და მიზეზებს ეძებენ. 


ოპოზიციას არც არჩევნების გადადება, არც გადმოწევა და თარიღის შეცვლა არ უშველის. ოპოზიციამ ის მარცხი უნდა მიიღოს, რასაც 2 ოქტომბერს საზოგადოება გაუფორმებს და ამის შემდეგ 3 წელი კარგად დაჯდეს და იმეცადინოს საზოგადოებასთან ერთად. 


2024 წლისთვის თუ კარგად მოემზადება, საზოგადოებამ შეიძლება გადახედოს რაღაც გადაწყვეტილებას, სხვა შემთხვევაში, საერთაშორისო პარტნიორებთან ცრუ ინფორმაციების გაგზავნა იქნება თუ კოვიდის გამოყენება პოლიტიკური ინტერესებისთვის, არ უშველით, რადგან საზოგადოება პოლიტიკურად საკმაოდ გაიზარდა და იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რაც ქვეყანას სჭირდება,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი