„ქართული ოცნების“ კვლევის მიხედვით, მერის არჩევნებზე კახა კალაძეს მხარს გამოკითხულთა 60.1% დაუჭერს, ნიკა მელიას კი 29.2%

27 Aug 2021 14:52

„ქართული ოცნების“ თბილისში ჩატარებული შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, ხვალ რომ დედაქალაქის მერის არჩევნები ტარდებოდეს, კახა კალაძეს მხარს გამოკითხულთა 60.1% დაუჭერს, ნიკა მელიას კი 29.2%.


როგორც „ქართული ოცნების“ წევრმა მიხეილ სარჯველაძემ კვლევის შედეგების წარდგენისას განაცხადა, კალაძე არჩევნების პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. სარჯველაძე იმედს გამოთქვამს, რომ „სუსტი ელექტორალური მხარდაჭერის მიუხედავად“ ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებს არ მიმართავს.


„კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა: კახა კალაძე 60.1%; ნიკანორ მელია 29.2; სხვა კანდიდატები 10.7%.


როგორც ხედავთ კვლევის შედეგების მიხედვით კახა კალაძე პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ სუსტი ელექტორალური მხარდაჭერის მიუხედავად, რადიკალურ ოპოზიციას ეყოფა კეთილგონიერება და არ მიმართავს პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს, რისი მომსწრეც ქართული საზოგადოება პრაქტიკულად ყველა წინა არჩევნების დროს არაერთხელ გამხდარა. ასევე იმედი გვაქვს, შეწყდება საუბრები არჩევნების გადადებაზე, რაც უსათუოდ ოპოზიციის მიერ საარჩევნო კაპიტულაციის წინასწარ გამოცხადებად იქნება აღქმული“,- განაცხადა სარჯველაძემ.


„ქართილი ოცნების“ ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-დან 25 აგვისტოს ჩათვლით პირისპირ გამოკითხვის მეთოდით. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2958 რესპონდენტი, სადაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 79.2%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი 3%-ია.


წყარო: " ინტერპრესნიუსი" 



კომენტარები:

ფართი შოპი