ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) საწვრთნელი ფაზის დახურვის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და საბრძოლო მომზადების განვითარების პროცესში GDRP-ის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და ამერიკელ პარტნიორებს პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელებული ისტორიული ინიციატივაა, რომელმაც ჩვენი ჯარის მომზადების დონე სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანა.
დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე ასევე წარმატებით დასრულდება თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ინსტიტუციონალიზაციის პროცესი.
ამ ისტორიული პროგრამის შედეგი უკვე მკაფიოა - სამხედრო მომზადების თვალსაზრისით თვისობრივად ახალ დონეზე აყვანილი ჩვენი სამხედრო ქვედანაყოფები და საერთო ჯამში, მნიშვნელოვნად გაზრდილი საბრძოლო მზადყოფნა.
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა არის იმ უდიდესი მხარდაჭერისა და თანადგომის კიდევ ერთი მაგალითი, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აკეთებს საქართველოსთვის და მისი უსაფრთხოებისათვის.
ეს პროგრამა არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უმაღლეს ნიშნულზე არსებული თანამშრომლობის მკაფიო გამოხატულება,რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე“,-განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით საქართველოს თავდაცვის ძალები რეფორმირებისა და ტრანსფორმაციის პროცესს განაგრძობს. ამ პროცესში კი, პარტნიორების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.
„ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი ჯარის მომზადების დონის ამაღლებასა და თანამედროვე შესაძლებლობებით აღჭურვის პროცესს, რომლის საფუძვლებიც უკვე შექმნილია.
შემუშავებული გვაქვს თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიანი,10-წლიანი გეგმა, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე.
ასევე, გრძელდება ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური განახლება,სამხედრო მრეწველობის გაძლიერება და სამხედროების დაფასების პოლიტიკა.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გრძელვადიანი პოლიტიკა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას“,-განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.