დღეს ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ერის გამთლიანებისთვის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მისი დედობრივი კალთა გადააფაროს ჩვენს ქვეყანას და გადაარჩინოს. რა თქმა უნდა, დღეს, განსაკუთრებით ვლოცულობთ სნეულთათვის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა) მარიამობის დღესასწაულზე ქადაგებისას ბრძანა.
მეუფე შიომ ქადაგებისას ისაუბრა მარიამობის დღესაწაულის მნიშვნელობაზე.
„დღევანდელი დღის ტროპარი ასე მთავრდება, რომ „მიხვედ ცხოვრებად დედა ეგე, ცხოვრებისა და იხსნი სიკვდილისაგან სულთა ჩვენთა“.
ანუ ის არ არის მარტო ჩვენი დედა, ჩვენი მფარველი და მეოხი, ნუგეშისმცემელი, არამედ იგი იხსნის ჩვენ სულებს სიკვდილისაგან.
აი, ამას გვასწავლის დღევანდელი დღესასწაული და ჩვენი წმინდა ეკლესია. ჩვენ, ყველანი მოკვდავნი ვართ. ადრე, თუ გვიან ვიცით, რომ ყველანი გარდავიცვლებით. მაშ, რომელი სიკვდილისგან გამოხსნაზეა საუბარი?
იმიტომ, რომ სიკვდილი არსებობს სხვადასხვაგვარი, არსებობს ხორციელი სიკვდილი, არსებობს მარადიული სიკვდილი და აი, ჩვენ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვევედრებით, რომ გვიხსნას.
ჩვენ ვიცით, რომ იგი გვიხსნის მარადიული სიკვდილისგან და გვაცხოვნებს ჩვენ. სხვა წმინდანებს ჩვენ ვევედრებით ასე და ასე ვლოცულობთ მათ მიმართ, რომ „ევდრეთ ღმერთსა ჩვენთვის“ და მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენ ვეუბნებით და ვევედრებით, რომ „გვაცხოვნე, ჩვენ“ იმიტომ, რომ მას აქვს ეს მადლი, ძალა და კადნიერება ღვთის წინაშე.
რას ნიშნავს ეს, „გვაცხოვნე ჩვენ“, როგორ გვაცხოვნებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი.
აი, როგორც ჩვენ მიცვალებულებისთვის როდესაც ვლოცულობთ, რომ „დაამკვიდრე უფალო ისენი, აცხოვნე ისენი, დაამკვიდრე ადგილსა ნათლისასა, ადგილსა განსასვენებელსა“, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მიცვალებულები დამკვიდრენენ ადგილსა ნათლისასა, ეს ნიშნავს, რომ იმ ადგილას არის ნათელი ქრისტესი.
ამასთან, მან პატრიარქს დღესასწაული მიულოცა.
„დღეს ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ერის გამთლიანებისთვის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მისი დედობრივი კალთა გადააფაროს ჩვენს ქვეყანას და გადაარჩინოს.
რა თქმა უნდა, დღეს, ვლოცულობთ ჩვენს სნეულთათვის, განსაკუთრებით და ამავე დროს, ჩვენ, ყველამ ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია მეორეს დღევანდელი დღე, ვინაიდან მის მრავალ დამსახურებათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი, ალბათ, არის ის, რომ მან ჩვენ გვასწავლა და გვასწავლის განსაკუთრებულ სიყვარულს და მოწიწებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ .
ღმერთმა გააძლიეროს იგი, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მისცეს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ“, -აღნიშნა მეუფე შიომ.