„თალიბანი“ თანახმაა, უცხო ქვეყნების მოქალაქეებსა და მოგზაურობის ნებართვის მქონე ავღანელებს ავღანეთის დატოვების საშუალება მისცეს

30 Aug 2021 12:01

„თალიბანი“ უცხო ქვეყნების მოქალაქეებსა და იმ ავღანელებს, რომლებსაც სხვა ქვეყნიდან მოგზაურობის ნებართვა აქვთ მინიჭებული, ავღანეთის დატოვების საშუალებას მისცემს, - ამის შესახებ შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და მათი მოკავშირეების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.


„მივიღეთ „თალიბანისგან“ გარანტიები, რომ ყველა უცხოელ მოქალაქეს და ასევე ავღანეთის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ჩვენი ქვეყნებიდან მოგზაურობასთან დაკავშირებული ნებართვა აქვს მინიჭებული, გამგზავრების პუნქტებში უსაფრთხოდ მისვლისა და ქვეყნის დატოვების საშუალებას მისცემენ, - ნათქვამია განცხადებაში.


ამასთან, განცხადების თანახმად, ქვეყნები, მათ შორის ავსტრალია, იაპონია, საფრანგეთი, ესპანეთი და სხვა, გააგრძელებენ ავღანელებზე სამოგზაურო დოკუმენტების გაცემას.


„ჩვენ ყველანი ვალდებულნი ვართ უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რეზიდენტებს, თანამშრომლებს, ავღანელებს, რომლებიც ჩვენთან მუშაობდნენ და მათ, ვინც რისკის ქვეშ არიან, შეეძლოთ თავისუფლად იმოგზაურონ ავღანეთის ფარგლებს გარეთ”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ევროკავშირი და ნატოც აწერენ.


შეგახსენებთ, გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი - შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, რუსეთი, ჩინეთი და საფრანგეთი - დღეს ავღანეთის საკითხზე შეხვედრას გამართავს.


საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო საბჭოს წარუდგენენ რეზოლუციას, რომელიც ჰუმანიტარული ოპერაციების გაგრძელების უზრუნველყოფის მიზნით ქაბულში „უსაფრთხო ზონის“ შექმნას ითვვალისწინებს.




კომენტარები:

ფართი შოპი