ბადრი ჯაფარიძე - „ოცნებამ“ რასაც კი ხელი მოკიდა, ყველგან დამარცხდა, შესაბამისად, დამარცხდა ქვეყანა, ამიტომ უნდა გადავიდეთ სრულიად ახალ ფაზაზე, რაც კოალიციურ მმართველობას გულისხმობს

30 Aug 2021 15:03

„ქართულმა ოცნებამ“ ყველა რესურსი ამოწურა - რასაც ხელი მოკიდეს, სამწუხაროდ, ყველგან დამარცხდნენ, შესაბამისად, დამარცხდა ქვეყანა,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.


როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მიუხედავად მმართველი გუნდის „უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებისა“, საქართველოს მიმართ მეგობრების მხარდაჭერა არ შენელებულა.


„ქვეყანა შეიყვანეს ღრმა ჩიხში. ყველა მიმართულებით პრობლემები გვაქვს. 


რასაც კი ხელი მოკიდეს, სამწუხაროდ, ყველგან დამარცხდნენ, შესაბამისად დამარცხდა ქვეყანა, ამიტომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს ფაზა უნდა დავასრულოთ და გადავიდეთ სრულიად ახალ ფაზაზე, რაც გულისხმობს კოალიციურ მმართველობას. რაც მთავარია ქვეყანა უნდა დავაბრუნოთ დასავლურ ვექტორზე.


მიუხედავად „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო და მავნებლური გადაწყვეტილებებისა ჩვენი ქვეყნის მიმართ ჩვენი მეგობრების მხრიდან მხარდაჭერა არ შენელებულა. პირიქით - ისინი მზად არიან, კიდევ უფრო გაიზარდოს ეს მხარდაჭერა. მთავარია, ჩვენმა ამომრჩეველმა ახლა ძალიან მკაფიოდ უთხრას უარი „ქართულ ოცნებას“, რომ დავიწყოთ განვითარების ახალი ეტაპი“,- განაცხადა ჯაფარიძემ.


გარდა ამისა, ჯაფარიძის თქმით, ადგილობრივ არჩევნებზე „ლელოს“ ამოცანა ოპოზიციურ კალათში ხმების გაზრდაა.


„მიუხედავად იმისა, რომ სრულიად დამოუკიდებლად შევედით იმ ბრძოლაში, რასაც თბილისისთვის ბრძოლა ჰქვია, რა თქმა უნდა, პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კოორდინაცია გვექნება. ჩვენი ამოცანაა ოპოზიციური კალათში ხმების გაზრდა და ჩვენი წვლილი მასში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. 


თბილისში ყველა მაჟორიტარულ ოლქში ჩვენი კანდიდატი გვყავს, გვყავს მერობის კანდიდატი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატიც. ჩვენ გამოვდივართ მიზანშეწონილობიდან, უნდა ვიმოქმედოთ რაციონალურად, პრაგმატულად. მაგალითად, ქუთაისში, ბათუმში არ ვაყენებთ მერობის კანდიდატს. ვფიქრობთ, რომ იქ კარგი შანსი აქვთ სხვა კანდიდატებს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.


რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებზე „ლელოს“ კანდიდატების შანსებს, ბადრი ჯაფარიძეს აქვს მოლოდინი, რომ წელს მათი შედეგები გასული წლის არჩევნებთან შედარებით ბევრად გაუმჯობესდება.


„გადავწყვიტეთ მაჟორიტარულ ბრძოლაში შესულიყვნენ გამორჩეული ლიდერები, რომლებმაც ჩვენს ამომრჩეველს დაამახსოვრეს თავი იმით, რომ არიან კვალიფიციური, პრინციპული, უკომპრომისო ადამიანები, როდესაც საქმე ეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ადამიანის უფლებების დაცვას. ამ ადამიანებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ აქვთ გაკეთებული. ველოდებით, რომ მათდამი მხარდაჭერა იქნება გაცილებით დიდი, ვიდრე გასულ წელს. ვფიქრობთ, გეყოლება კიდევ დამატებით, დიდი რაოდენობით ამომრჩეველი, გვაქვს მოლოდინი, რომ გასული წლის შედეგს ბევრად გავაუმჯობესებთ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.


ამასთან, ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ნაწილი არჩევნების გადადებაზე მსჯელობის დაწყებაზე საუბრობს. მისი თქმით, „ლელო“ არჩევნების გადადების საკითხს არ განიხილავს.

„ჩვენ სრული მობილიზაციით ვემზადებით 2 ოქტომბრისთვის - არანაირ გადადებას არ განვიხილავთ. რა თქმა უნდა, კოვიდვითარების პირობებში, როდესაც პანდემია ასეთ პრობლემებს უქმნის თითოეულ თანამოქალაქეს, მესმის, რომ არის გარკვეული სიფრთხილე. 


ამას ყოველდღიურად ვხვდებით, როდესაც ველზე ვმუშაობთ და მოსახლეობას ვხვდებით - ყველა დამფრთხალია. მაგრამ 2 ოქტომბერს უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი, მივიდეთ, ხმა მივცეთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას და დარწმუნებული ვარ, თუ ყველა დავიცავთ უსაფრთხოების წესებს, დამატებითი რისკი არ იარსებებს. მანამდე ვფიქრობ, ბევრი ადამიანი იქნება ვაქცინირებული. ამიტომ 2 ოქტომბერს ვფიქრობ, კოვიდი აღარ უნდა იყოს შემაფერეხებელი, რომ გამოვიდნენ ჩვენი მოქალაქეები და ხმა მისცენ ჩვენი ქვეყნის გაჭირვებიდან გამოყვანას“,- განაცხადა ჯაფარიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი