სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება: "მოვუწოდებთ სახელმწიფოს დაიწყოს მუშაობა სამედიცინო პერსონალისათვის კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის სავალდებულოდ შემოღების და მისი აღსრულების მექანიზმებზე"

30 Aug 2021 20:16

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო პორტალი "მხარე" უცვლელად გთავაზობთ:


"ვინაიდან კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია, თავს ვალდებულად ვთვლით დავაფიქსიროთ საქართველოს დარგობრივი ასოციაციების მყარი პოზიცია ვაქცინაციის საჭიროებასთან დაკავშირებით.  აუცილებელია სამედიცინო საზოგადოებამ კიდევ უფრო გააქტიუროს ძლისხმევა და ვაქცინაციის პროცესის ავანგარდში იყოს . სრულიად მიუღებელია ზოგიერთი ექიმის მიერ საკუთარი ანტივაქსერული შეხედულებების, რომელსაც არანაირი მეცნიერული დასაბუთება არ აქვს, საჯარო სივრცეში გავრცელება, მითუმეტეს ამის თანმდევი დებატები. ასეთი რამ არის ის ნოყიერი ნიადაგი, რითაც საზრდოობს ანტივაქსერული კამპანია. აქედან გამომდინარე  კიდევ ერთხელ ვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას:  


1. პირველ რიგში მოვუწოდებთ სამედიცინო პერსონალს მაგალითი მისცენ საკუთარ პაციენტებს და საჯაროდ ჩაიტარონ ვაქცინაცია.  


2. მოვუწოდებთ მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთონ კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ნებისმიერი ხელმისაწვდომი ვაქცინით და ამასთანავე მკაცრად დაიცვან დღეს არსებული კოვიდ-19 საწინააღმდეგო რეგულაციები, რომელიც არის მინიმალური და მათი შესრულება არ არის რთული. 


3. მოვუწოდებთ სახელმწიფოს დაიწყოს მუშაობა სამედიცინო პერსონალისათვის კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის სავალდებულოდ შემოღების და მისი აღსრულების მექანიზმებზე, სასწრაფო წესით შეიმუშაოს ვაქცინაციის პროცესის ხელშემწყობი მექანიზმი, როგორიცაა ვაქცინირებული პირებისთვის კონკრეტული შეღავათების დაწესება; 


4. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ , თავისი შესაძლებლობის ფარგლებში შექმნა ორი ვიდეორგოლი, რომლითაც მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ. ვფიქრობთ, სახელმწიფომ უფრო მეტად უნდა მოახდინოს ამ ვიდეო რგოლების გამოყენება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის."- ნათქვამია განცხადებაში. 



კომენტარები:

ფართი შოპი