ირაკლი კობახიძე - შემდეგი ერთი თვე გიორგი გახარიაზეც იქნება საჭირო საუბარი - სიმართლის თქმას გავაგრძელებთ

30 Aug 2021 21:35

ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ნიკანორ მელიას გულისთვის რომ გადადგები კაცი, მეტი მტკიცებულება რა გინდა?! - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ კითხვას იმის თაობაზე, შეძლო თუ არა გასული თვეების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ მინიმუმ ერთი მტკიცებულების მოპოვება მაინც, რითაც საზოგადოება მის მიერ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ გაჟღერებული ბრალდებების უტყუარობას დაიჯერებდა.


როგორც კობახიძემ გადაცემაში აღნიშნა, გიორგი გახარია „არის ნიკანორ მელიასთვის გადამდგარი ყოფილი პრემიერ-მინისტრი“.


„ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს და ამაზე დიდი ღალატი საკუთარი გუნდისა და ქვეყნის წინაშე“, - აღნიშნა მან.


ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი გახარია დღეს საინტერესო ფიგურა აღარ არის, რადგან, „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ სიმართლის გამოაშკარავების შემდეგ მთავრობის ყოფილმა მეთაურმა აქტუალურობა დაკარგა.


„თავის დროზე ბევრად მეტს ვსაუბრობდით, მაგრამ აღარ არის საინტერესო გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოვახერხეთ საზოგადოებისთვის გვეთქვა სიმართლე ამ ადამიანთან და მის პარტიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ სიმართლემ განაპირობა ის, რომ მას რეიტინგი რადიკალურად შეუმცირდა. დღეს ის ვერ ახერხებს იმდენი ხმის წართმევას, რასაც იმ შემთხვევაში მოახერხებდა, ჩვენი საზოგადოებისთვის სიმართლე რომ არ გვეთქვა, მაგრამ საბოლოო ჯამში, აქტუალობა დაკარგა მისმა ფაქტორმა. ამის მიუხედავად ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა მოვდუნდეთ. შემდეგი ერთი თვის განმავლობაშიც მასზეც იქნება საჭირო საუბარი, ბუნებრივია. ჩვენთვის ძვირფასია, თუნდაც ის 10 ათასი ხმაც, ის ათასობით ხმაც, რომელსაც ახლაც გვართმევს. მისი ხმების დაახლოებით ნახევარი არის ჩვენგან წაღებული ხმები, რაც აქვს 4-5%, - ნახევარი არის ჩვენი, ნახევარი დანარჩენი ოპოზიციური პარტიების, თუმცა, ის 2-3%-ც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს 2-3%-ც უკან დავიბრუნოთ. ამიტომ, მეტი სიმართლის თქმის გაგრძელებაა საჭირო საზოგადოებისთვის და ამასაც აუცილებლად გავაკეთებთ.


აქტუალობა დაკარგა არსებითად გახარიას ფაქტორმა. მას ჰქონდა ერთადერთი მისია, რომ რამენაირად დავეახლოებინეთ 43%-იან მაჩვენებელს, ეს მისიაც ამოწურა, ანუ საერთოდ დაკარგა აქტუალობა, ფუნქცია დაკარგა გახარიამ და მისმა პარტიამ. რა დავალებითაც შემოიყვანეს პოლიტიკაში, ის დავალება აღარ არსებობს ბუნებაში. ჩვენც შესაბამისად, იმდენს აღარ ვსაუბრობთ გახარიაზე, რეალურად აღარ არის აქტუალური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი