ლევან დოლიძე ევროკავშირის დახმარებაზე მთავრობის მიერ უარის თქმაზე: სამწუხაროა, მათ არ ესმით არსი, იმ ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანისა, რაც ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას

31 Aug 2021 15:05

„სამწუხაროა, მათ არ ესმით არსი, იმ ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანისა, რაც ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას“ - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის პოლიტიკურმა მრჩეველმა ლევან დოლიძემ განაცხადა.


„როდესაც ევროკავშირის ასეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, ქვეყნის მმართველი ძალა საუბარს იწყებს ქვეყნისათვის ამ ფინანსური რესურსის საჭიროებაზე - ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა, ვინაიდან ისინი უბრალოდ ამბობენ, რომ არ ესმით არსი, იმ ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანისა, რაც ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას.  

როდესაც პოლიტიკურზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია ვგულისხმობ იმ ნეგატიურ ფონს, რომელსაც კიდევ უფრო ვამძაფრებთ ევროკავშირთან ურთიერთობაში. როდესაც ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია მნიშვნელოვანია ყველა ინვესტორისთვის, თუ როგორი გზავნილები და დამოკიდებულება ექნება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენს მიმართ. ძალიან სამწუხაროა, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანამ არ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისთვის, მმართველი ძალა მზადაა ასეთი სერიოზული ზიანი და დარტყმა მიაყენოს, არამხოლოდ ქვეყანას, არამედ თითოეული ჩვენს მოქალაქეს“ - განაცხადა ლევან დოლიძემ.


გიორგი გახარიას პოლიტიკური მრჩეველი აღნიშნავს, რომ ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთ მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს.

„ჩვენ ისიც ვიხილეთ რომ, ნაციონალურ მოძრაობასაც მსგავსი გადაწყვეტილება მიუღია და ისინი აქტიურად მუშაობენ, როგორც მათი ლიდერის განცხადებიდან შევიტყვეთ, იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს ტრანში არ მიიღოს. ბუნებრივია ჩვენ არ გვიკვირს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ პოზიციები და ინტერესები ემთხვევა - ეს არის ძალიან სამწუხარო და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 2 ოქტომბერს ჩვენმა მოქალაქეებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.


მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები სერიოზულად დაზიანდა და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც კიდევ ერთ მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს“ - განაცხადა ლევან დოლიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი