ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მმართველი ძალისთვის ქვეყნის ინტერესებზე წინ ვიწროპარტიული ინტერესები დგას, ის არ აპირებს დემოკრატიული რეფორმების ჩატარებას - თეონა აქუბარდია

31 Aug 2021 19:45

პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თეონა აქუბარდია, ევროკავშირის მიერ მაკროსაფინანსო დახმარებაზე პრემიერის მხრიდან უარის თქმას ეხმაურება. როგორც აქუბარდია აღნიშნავს  ამ დახმარებას გააჩნია არა მხოლოდ ფინანსური, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა, რადგან ევროკავშირში წევრობა დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარეშე არ ხდება


„ევროკავშირის მიერ მაკროსაფინანსო დახმარების ფარგლებში მორიგ ტრანშზე-75 მილიონი ევროს მიღებაზე პრემიერის უარი თითქოს იმ მოტივით, რომ მათ სესხი აღარ სჭირდებათ, არის „ქართული ოცნების“ მორიგი ტყუილი და კიდევ ერთი ნაბიჯი, რაც საქართველოს აშორებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისგან.


 ამ დახმარებას გააჩნია არა მხოლოდ ფინანსური, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა, რადგან ევროკავშირში წევრობა დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარეშე არ ხდება.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს მთავრობა არაერთგზის გააფრთხილა, რომ ამ რთულ უსაფრთხოების გარემოში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით რეფორმები ახლა ისე საჭიროა, როგორც არასდროს და საქართველოს მთავრობას უნდა ეჩვენებინა პოლიტიკური შეთანხმების და ამ რეფორმების დღის წესრიგის ერთგულება. მაკროსაფინანსო დახმარებაც, რომელიც სექტემბერში იყო დაგეგმილი სწორედ რეფორმების წინაპირობა იყო.


ამის საპირისპიროდ კი მმართველმა ძალამ, იცის რა, რომ ამ ტრანშს ვერ მიიღებს რეფორმების განხორციელების გარეშე , გადაწყვიტა, რომ მოსახლეობისთვის თავად ეთქვათ ამ დახმარებაზე უარი, თითქოს იმ მოტივით, რომ მათ ეს ფული არ სჭირდებათ.


შესაბამისად, ამ განცხადებითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მმართველი ძალისთვის ქვეყნის ინტერესებზე წინ ვიწროპარტიული ინტერესები დგას, ის არ აპირებს დემოკრატიული რეფორმების ჩატარებას, რაც არის გზა ქვეყნის ევროკავშირში წევრობის და ამით აძლიერებენ კრემლის შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებებში.


სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ 2 ოქტომბერს "ქართული ოცნება" გავისტუმროთ ხელისუფლებიდან" - თეონა აქუბარდია.




კომენტარები:

ფართი შოპი