გიორგი გოგუაძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრების დაშინებაზე - პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ჩვენი მხარდამჭერის სახლში განჩინების და დასაბუთების გარეშე. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია იყენებს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის ძალოვან უწყებებს

01 Sep 2021 14:23

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად ყოველდღიურობად იქცა ჩვენი მხარდამჭერებისა და ჩვენი გუნდის წევრების მიმართ მუქარა, ზეწოლა და დაშინება.


ბოლო შემთხვევა მოხდა ხარაგაულში, სადაც პოლიციის დაახლოებით 8 თანამშრომელი შევიდა ჩვენი მხარდამჭერების სახლში, დაიწყო როგორც სახლის, ასევე ეზოს ჩხრეკა. გარდა იმისა, რომ მათ არ წარმოუდგენიათ ახსნა, განმარტება და დასაბუთება, მათ არ ჰქონდათ სასამართლოს განჩინება, მათ არ ჰქონდათ დადგენილება ამ ჩხრეკის გადაუდებლად ჩატარების შესახებ, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა. მათ ასევე არ შეუდგენიათ ოფიციალური ინფორმაცია ჩხრეკის ჩატარების შესახებ. 


კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მმართველი პარტია იყენებს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის ძალოვან უწყებებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს" - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი გოგუაძემ. 


გიორგი გოგუაძე აღნიშნავს, რომ ყველა მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს.


„ყველა მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმირებული არიან ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ყველა ჩვენი მხარდამჭერის და გუნდის წევრის უფლებებს ბოლომდე დავიცავთ" - განაცხადა გიორგი გოგუაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი