გიგი უგულავა - ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს პარტნიორებს და ელაქუცება მტრებს, ამთავრებს შემდეგნაირად: კარგავს პარტნიორებს და ბარდება მტერს, ამიტომ ეს არჩევნები არის რეფერენდუმი

01 Sep 2021 17:16

ძალიან მნიშვნელოვანი გზაგასაყარია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საკითხი პირდაპირ დადგა - ქვეყანაში, სადაც ევროპას უკეტავენ კარებს, უღებენ კარს რუსეთს, - ამის შესახებ გიგი უგულავამ ფოთში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატთა წარდგენისას განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირის 75-მილიონიან დაფინანსებაზე უარის თქმას გამოეხმაურა.


მისივე თქმით, ოქტომბერში გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმის სტატუსს ატარებს.


„პრემიერად წოდებული არსების და ოლიგარქის მარიონეტის გუშინდელი განცხადება პირდაპირი სიგნალი იყო. ეს არ იყო სახელმწიფოს მხრიდან ნათქვამი უარი კრედიტზე ან დახმარებაზე. გუშინდელი განცხადება იყო გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც ქართველი ხალხის ზურგს უკან, მათი სურვილის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ოლიგარქმა გადაწყვიტეს და თავს მოახვიეს ამ ქვეყანას.


ჩვენ ვნახეთ იმედგაცრუებული ევროპელი პარტნიორები და ჩვენი გახარებული მტრები რუსეთიდან. ისინი ღარიბაშვილის განცხადებით გახარებული იყვენ, ხოლო ჩვენი პარტნიორები შეშფოთებული, დამწუხრებული და გაკვირვებული დარჩნენ. ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს პარტნიორებს და ელაქუცება მტრებს, ამთავრებს შემდეგნაირად - კარგავს პარტნიორებს და ბარდება მტერს. ამიტომ, 2 ოქტომბრის არჩევნები როგორც არასდროს არის რეფერენდუმი“, - აღნიშნა უგულავამ.


მისი განმარტებით, ამ რეფერენდუმით ქართველი ხალხი დაბრუნდება იქ, სადაც მისი ადგილია - დასავლური, ქრისტიანული ცივილიზაციის წიაღში.


„ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება არის პირდაპირი მინიშნება და სვლა, ის არანაირ კავშირში არ არის ფინანსებთან, ფულთან. ეს იყო ქართული ოცნების გეოპოლიტიკური არჩევანი. არჩევანს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი წინაპრების სურვილს, იყოს სრულფასოვანი წევრი ევროპული ოჯახის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.




კომენტარები:

ფართი შოპი