შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის კომპეტენციის ფარგლებში მოხდება ინფორმაციის კოორდინირებული გაცვლა.
გარდა ამისა, მემორანდუმი ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობის ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი, ბოლო წლებია, ყველა არჩევნებთან დაკავშირებით ფორმდება. მემორანდუმის მიზანი არის კოორდინირებული მუშაობა და არჩევნების უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფა.