ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაცია - შესაძლებლობები და გამოწვევები“ თემატური მოკვლევის ჯგუფმა სამუშაო შეხვედრა გამართა

02 Sep 2021 23:03

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით შექმნილი „ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაცია - შესაძლებლობები და გამოწვევები“ თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

 

მოკვლევაში ჩართულმა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ექსპერტებმა, ჯგუფის წევრებს შესაბამისი ორგანიზაციებისა და უწყებებისგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული პირველადი ანგარიში წარუდგინეს.


შეხვედრაზე, ჯგუფის წევრებმა, ექსპერტებთან ერთად განიხილეს ევროკავშირის შრომით ბაზარში საქართველოს უსაფრთხო ინტეგრაციის შესაძლებლობები, შრომითი მიგრაციის რეგულირების ძირითადი ასპექტები, ლეგალური მიგრაციის რისკები და შესაძლებლობები.

ექსპერტებმა მიმოიხილეს ევროკავშირში შრომითი მიგრაციის ტენდენციები და რეგულირების ძირითადი საშუალებები; საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე შესაძლებლობები; ევროკავშირის შრომითი ბაზრის პოლიტიკა, დასაქმების მოდელები, პროფესიული საჭიროებები და მათთან საქართველოს შესაძლებლობების თანხვედრა.

 

სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს საქართველოში შრომითი მიგრაციის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმებსა და კანონმდებლობის დახვეწის საჭიროებებზე, მიგრანტთათვის შრომითი მიგრაციის პროგრამების სარგებელზე, ასევე, დასაქმებულების პროფესიული კუთხით გადამზადების მნიშვნელობაზე, რათა ევროკავშირის შრომით ბაზარში ეტაპობრივი ინტეგრაციის განხორციელების მიზნით შესაბამისი ნაბიჯები იქნას გადადგმული.

 

თემატური მოკვლევის ფარგლებში გაიმართება საკომიტეტო მოსმენები პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების მონაწილეობით, რის საფუძველზე მოკვლევის ჯგუფი შესაბამის დასკვნას და რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რაც საქართველოს დაეხმარება ევროკავშირის შრომით ბაზარში უსაფრთხო ინტეგრაციაში და საქართველოს მოქალაქეებს მისცემს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში  ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობებს ღირსეულ შრომით პირობებში.


კომენტარები:

ფართი შოპი