კახა კალაძე - ირაკლი კობახიძემ მე უნდა შემითანხმოს რას იტყვის? - გახარიასთან შეხვედრა დამალული არ იყო, დამალული რომ ყოფილიყო, მერიაში, დღისით, მზისით ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს?

03 Sep 2021 15:19

ირაკლი კობახიძემ მე უნდა შემითანხმოს რას იტყვის? დასამალი რა მაქვს, რა უნდა ყოფილიყო დასამალი? - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, იყო თუ არა მასთან შეთანხმებული ის, რომ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუშინ კახა კალაძესა და გიორგი გახარიას შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრებდა.


“ეს შეხვედრა არ იყო დამალული. დამალული რომ ყოფილიყო, მერიაში, დღისით, მზისით ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს?” - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის შესახებ პარტიაში ყველამ იცოდა იქამდე, ვიდრე გახარია მერიაში მივიდოდა.


რაც შეეხება გახარიას გუნდის წევრების გამოხმაურებას, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება არ იყო „კაცური საქციელი“, კალაძემ ასე უპასუხა: “კაცურზე გადავდივართ?”


კალაძის განმარტებით, მასსა და გიორგი გახარიას შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვა დასვა ჟურნალისტმა და ამის თაობაზე ჭორი რომ არ გავრცელებულიყო, შესაბამისი პასუხი გაეცა.


„მე არავისთან არაფერი მაქვს დასამალი. რა არის დასამალი, ადამიანი მოვიდა. ერთი ათჯერ დამირეკა, მთხოვა შეხვედრა, ნებისმიერ ადგილზე მოვალო და მეც ადამიანურად...რა არის დასამალი? ვუთხარი, მოდი, მერიაში ვარ-მეთქი. მოვიდა და მელაპარაკა”, - განაცხადა კახა კალაძემ.


კითხვაზე, თუ რატომ უარყო თვითონ გახარიამ მათ შორის შემდგარი შეხვედრა, კალაძე პასუხობს, რომ ეს არ იცის.


„ვერ გეტყვით, არ ვიცი. გიორგი გახარია ხომ ცოცხალი ადამიანია, ჩვეულებრივად ცოცხალია, თბილისში გადაადგილდება, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და დაუსვათ ეს შეკითხვა”, - განაცხადა კალაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი