მედეა მეტრეველი - ყიფშიძის ქუჩის „ურბანული გენოციდი“ უნდა შეჩერდეს

03 Sep 2021 16:52

2021 წლის თებერვალში, წინასაარჩევნოდ, თბილისი მერმა კახი კალაძემ „ურბანული გენოციდი“ უწოდა სპორტის სასახლის დასახლებას, თუმცა არ გახსენებია რომ ზუსტად ერთი წლის წინ - 2020 წლის 22 აპრილს - თავად მოუწყო ამჯერად უკვე ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას კიდევ ერთი ურბანული გენოციდი და ეს გადაწყვეტილება ერთ თვეში ნოტარიალურად დაუმოწმა თბილისი საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ თბილისის საკრებულოს განკარგულებით.


2020 წლის 15 მაისს,  თბილისი ხელისუფლებამ, პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდში, სწორედ ასეთი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისთვის მოიცალა და საკრებულოს თავმჯდომარემაც მწვანე შუქი აუნთო „გუმბათი ჰოლდინგი +“ს დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებაზე ყიფშიძის N 1-ში -  გაიცა ნებართვა მიწის ნაკვეთის განაშენების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებაზე 2=5.4 და სამი დიდი  25, 16 და 19-სართულიანი კორპუსის აშენების თაობაზე.

 

ამ კოორდინირებული გადაწყვეტილებით 2005-2007 წლებში დაუმთავრებელი მშენებლობით 190 დაზარალებული ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას ამოფარებულმა მერიამ და საკრებულომ დააზარალეს არა მხოლოდ დამატებით ათასობით ოჯახი, რომლებიც ცხოვრობენ მშენებლობის გარშემო მიმდებარე კორპუსებში, არამედ თავად დაზარალებული ოჯახებიც, რომელთა მიმართ დავალიანება სახელმწიფოს შიდა ვალად აქვს აღიარებული 2006 წლიდან. თუმცა, ახალი მშენებლობის შემდეგ დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ ოჯახებსაც მოუწევთ ბეტონის კედელბით ჩახერგილ, უჰაერო და დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება.


ნებართვის გაცემისას არ იყო გათვალისწინებული დასახლების მდგრადი განვითარების საკითხები; არ არსებობდა ტრანსპორტის მოძრაობის სქემა; 


არ იყო დაცული მომიჯნავე შენობების განათების საკითხი; არ იყო სათანადოდ შესწავლილი მშენებლობის გავლენა მომიჯნავე შენობებზე. წინა წლებში ყიფშიძის ქუჩაზე მიმდინარე დაჩქარებული განაშენიანების პროცესმა უკვე ისედაც შეუქმნა ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას წყლის მოწოდების, საცობების, ჰაერის დაბინძურების, მწვანე საფარის განადგურების არაერთი პრობლემა.


საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია გასცეს პასუხი ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას და დაზარალებულ ოჯახებს თუ რატომ არ გამოიძებნა საუკეთესო გზები გათვალისწინებულიყო უპირველეს ყოვლისა არა ინვესტორის არამედ მოსახლეობის ინტერესები, რომლებსაც, ამ მშენებლობის დასრულების შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ უჰაერო, უმზეო და საცობებით სავსე უბანში ცხოვრება.




კომენტარები:

ფართი შოპი