პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ სამეგრელოში ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ხობის მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატები და ზუგდიდის პარტიული სია წარადგინა

04 Sep 2021 17:38

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ სამეგრელოში ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ხობის მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატები და ზუგდიდის პარტიული სია წარადგინა. წარდგენა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ „ჭკადუაში“ გაიმართა.


„ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები. ამ არჩევნებმა უკვე დაკარგა მუნიციპალური განზომილება - ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა და ჩვენთვის ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ჩვენს სახეს, რომელიც წარმოადგენს ჩვენს მოქალაქეებს ჩვენს მუნიციპალიტეტებში.“- მიმართა პარტიის თავმჯდომარემ მხარდამჭერებს.


გიორგი გახარიამ მიმართვისას ისაუბრა მიზნებზე, რომელთა გარშემოც პროფესიონალების გუნდი გაერთიანდა და საჯარო პოლიტიკაში საკუთარი განაცხადით შემოვიდა.


,,ჩვენ დაახლოებით სამი თვის წინ ვთქვით, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ. ამის შემდგომ ბევრ რეგიონში ვიყავით, ბევრი რეგიონი მოვიარეთ და მინდა, გითხრათ, რომ დღეს პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთადერთი პარტია მზარდი რეიტინგით. ბევრს ეს აღიზიანებს, ბევრს ეს არ მოწონს, ბევრი ვერც ხვდება, რატომ... მარტივად - იმიტომ, რომ ჩვენ, მართლა არავის წინააღმდეგ არ ვიბრძვით, ჩვენთვის ბრძოლა თვითმიზანი არ არის - ჩვენთვის მიზანია ძლიერი სახელმწიფო - სახელმწიფო, რომელიც არის სამართლიანი და თანამედროვე, სახელმწიფო, რომელსაც აშენებენ კეთილსინდისიერი პროფესიონალები, სახელმწიფო, რომლითაც ამაყობენ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი ხანდაზმულები, სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და სახელმწიფო, რომელიც თანაბარ პირობებს უქმნის თითოეულ მის მოქალაქეს. ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის მიზანი  და დარწმუნებული ვარ ყველანი ერთად მივაღწევთ ამ მიზანს.“- განაცხადა გახარიამ.


„ზოგს ვერ გაუგია გადაწყვეტილების არსი - რატომ შევქმენით პარტია, ბევრმა ჩვენგანმა თავის პროფესიულ სფეროს რატომ დაანება თავი და გადაწყვიტა ასეთი რთული ნაბიჯი გადაედგა - ჩართულიყო საჯარო პოლიტიკაში. იმიტომ რომ, იმის მიუხედავად, რომ ბევრი ჩვენგანი ქართული ოცნებიდან მოდის, სამწუხაროდ, დღეს აღმოვჩნდით რეალობაში, როდესაც ოცნება წარსულში გვაბრუნებს.“- განაცხადა გახარიამ.


პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ პარტიის მხარდამჭერის, აკაკი ბართაიას უკანონო დაჭერისა და მისთვის იარაღის ჩადების შესახებაც ისაუბრა, როგორ მაგალითზე თუ როგორ ემსგავსება ანალოგიური მეთოდების გამოყენებით ქართული ოცნების ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას.


„ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ ჩვენთვის არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, ოცნება თავისი არათანმიმდევრული, უსუსური ნაბიჯებით დააბრუნებს ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში, თუ თვითონ გამოიყენებს ზუსტად იგივე მეთოდებს, როგორსაც წარსულში იყენებდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ამის საუკეთესო მაგალითია  აკაკი ბართაია - ჩვენი გულშემატკივარი, ჩვენი თანამებრძოლი, რომელსაც უბრალოდ უხეშად ჩაუდეს იარაღი და აი ასე დააპატიმრეს ადამიანი, რომელიც წინა რეჟიმის პირობებში იყო ბუტა რობაქიძის საქმის დაზარალებული, რომელმაც გამოიარა ეს ყველაფერი მაშინაც იარაღის ჩადებით, შემდგომ მივიდა სტრასბურგის სასამართლომდე, მოიგო ეს სასამართლო და ოფიციალურად აღიარებულია ამ საქმის დაზარალებულად. და დღეს განმეორდა ზუსტად იგივე!“ - განაცხადა გახარიამ.  


გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერებისა და წევრების მიმართ განხორციელებული ზეწოლის, მუქარისა და შევიწროების სხვა შემთხვევებზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მეთოდებით ხელისუფლება ვერავის შეშინებას ვერ შეძლებს და მხოლოდ საკუთარ სასოწარკვეთილებას ავლენს.


„ბევრ ჩვენს თანამებრძოლს და ოჯახის წევრებსაც ემუქრებიან სხვადასხვა მოტივებით - სამსახურიდან დათხოვნით, მათ მცირე თუ საშუალო ბიზნესში დამატებითი შემოწმებების შესვლით, დარიცხვებით, იარაღის ჩადებით და კიდევ ბევრი უბედურებით  და ეს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი ყოველდღიურობაა დღეს! მაგრამ, არავის არ ეგონოს, რომ ეს ვინმეს შეაშინებს. ეს უბრალოდ, ღიმილს იწვევს, იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირი მინიშნება შიშისგან სასოწარკვეთილი უსუსური ხელისუფლების, რომელიც ხვდება, რომ მისი მთავარი მიზანი დღეს არის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი მეთოდით.’’ - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.


„უკვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ნათელია, რომ მმართველ ძალას, რომელიც ჩაბღაუჭებულია ხელისუფლების შენარჩუნებას - არ შეუძლია, ნორმალურად მართოს ქვეყანა, მისი რესურსები უბრალოდ, შეზღუდულია. ეს არის დღეს, სამწუხაროდ, ქართული ოცნების ყველაზე დიდი გამოწვევა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი წარსულის წინაშე. ის, რაც კარგი გვიკეთებია, მიღწევები რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩვენ მიგვიღწევია - ყველაფერი კარგი უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის დღევანდელი ბოსებისგან, რომლებიც მზად არიან ყველაფერი ეს გადახაზონ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ კაბინეტები და სავარძლები შეინარჩუნონ. ეს სამწუხარო რეალობაა და ეს ბოლო დღეებში სულ უფრო და უფრო მკაფიოდ ჩანს.“ - განაცხადა გახარიამ.


,,მე მინდა, თითოეულ თქვენგანს, მადლობა გადავუხადო სითამამისთვის, და ხშირ შემთხვევაში - თავდადებისთვის. არაფერი იმაზე დიადი არ არის,  ღირსეულად ემსახურო შენს სამშობლოს, შენს კუთხეს, შენს სოფელს, შენს ქალაქს - ასე იქმნება ძლიერი სახელმწიფოები! 


ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავდივართ ამ მოჯადოებულ წრეზე, რომ სამწუხაროდ, ვერ შევქმენით, ძლიერი, სამართლიანი, თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ თქვენთან და ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად.“ - მიმართა პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მხარდამჭერებს


,,ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ის გახლავთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დღეს პირისპირ დავტოვოთ ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, ერთი - რომელიც გვექაჩება წარსულში და მეორე, რომელიც ძალადობით გვემუქრება მომავალში და აპირებს ხელისუფლების დაბრუნებას!“- ამბობს გახარია.


გიორგი გახარიამ გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ მათი პარტიის პასუხისმგებლობაა რეალური არჩევანის განხორციელების შესაძლებლობა შეუქმნან მოქალაქეებს, რომლებიც  მოქცეული არიან  უკიდურესობებს - ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, რომლებიც სინამდვილეში ერთმანეთს ასაზრდოებენ.


,,ჩვენი პასუხისმგებლობა გახლავთ ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ყველა დონეზე - ზუგდიდში, თბილისში, ფოთში, მარტვილში, სენაკში, ხობში, ჩხოროწყუში, წალენჯიხაში - არჩევანი მივცეთ და არ დავუკარგოთ ეს არჩევანი! როდესაც ადამიანებს არჩევანი ექნებათ ერთ უკიდურესობას და მეორე უკიდურესობას შორის - ორ ძალას შორის, რომლებიც მხოლოდ ასაზრდოებენ ერთმანეთს და ქმნიან ურთიერთბრძოლის ილუზიას - ეს ჩვეულებრივი ილუზიაა,  ისინი უბრალოდ ასაზრდოებენ ერთმანეთს, მათ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ, ერთგვარი ალტერ ეგოებია ერთმანეთის. ამიტომ, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს უნდა გავუჩინოთ არჩევანის შესაძლებლობა და ეს არჩევანის შესაძლებლობა უნდა იყოს „პარტია საქართველოსთვის "  თავისი ახალი სახეებით, გამოცდილი სახეებით და რაც მთავარია კეთლისინდისიერი პროფესიონალებით, რომლებმაც იციან რას ნიშნავს ღირსება და რამხელა პატივია ემსახურო შენს სამშობლოს, შენს კუთხეს და შენს ქვეყანას.’’- განაცხადა გიორგი გახარიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი