ნათია მეზვრიშვილი: „გამოძიების დაწყების ნაცვლად ოცნება იმითაა დაკავებული, რომ ადამიანებს, რომლებმაც კანდიდატურა ზეწოლის ქვეშ მოხსნეს - ასევე, ზეწოლის ქვეშ ავრცელებინებენ ტყუილებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლონ პოლიტიკური გავლენისგან პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო“

05 Sep 2021 10:05

პარტია „საქართველოსთვის“ ცესკოში სიების დარეგისტრირების შემდგომ, ძალოვანი უწყებების მხრიდან სიებში მყოფ კანდიდატებზე სისტემური ზეწოლის განხორციელებაზე საუბრობს.


„რამდენიმე დღეა ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა პარტია საქართველოსთვის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები და მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე რეგისტრირებულ კანდიდატებზე ძალოვანი უწყებების გამოყენებით ახორციელებს სისტემურ ზეწოლას! ათეულობით კანდიდატმა უკვე ამ ზეწოლის შედეგად მოხსნა კანდიდატურები. 


კანდიდატურები მოხსნეს სამსახურიდან გათავისუფლების შიშით, ბიზნესზე ზეწოლის შიშით და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების შიშით!“- განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ - ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე. 


„სამწუხაროდ, უკვე გაჟღერებულ ფაქტებზე გამოძიების დაწყების ნაცვლად, ოცნება იმითაა დაკავებული, რომ ადამიანებს, რომლებმაც კანდიდატურა ზეწოლის ქვეშ მოხსნეს - ასევე, ზეწოლის ქვეშ ავრცელებინებენ ტყუილებს სამთავრობო მედიასაშუალების გამოყენებით.“- ამბობს მეზვრიშვილი.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ უკვე მეოთხე ბრიფინგს მართავენ ზეწოლის, დაშინების და დანაშაულებრივი მეთოდების გამოყენებაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ, კონკრეტული ქეისებით და პიროვნებების იდენტიფიცირებით - მაგრამ არცერთ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია, იმის მიუხედავად რომ რეაგირებას სახელმწიფო ინსტიტუტებს კანონი ავალდებულებს.  


„უკვე მეოთხე ბრიფინგია, რომელსაც ვატარებ დანაშაულის ფაქტებთან დაკავშირებით, მეოთხე ბრიფინგია, როცა კონკრეტული ფაქტებით სისტემური ზეწოლის შესახებ ვსაუბრობ, რაც დანაშაულს წარმოადგენს და კანონით სავალდებულოა რეაგირება, თუმცა, სამწუხაროდ, ჩემს მიერ ჩატარებულ სამ ბრიფინგს კონკრეტული ფაქტებით, კონკრეტული სახელებით და გვარებით, სამართალდამცავი უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია!შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლონ პოლიტიკური გავლენისგან პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო! სწორედ, ეს ორი უწყებაა ვალდებული, რომ კანონის ფარგლებში რეაგირება მოახდინონ, მისცენ რიგით პროკურორებს, რიგით გამომძიებლებს, რიგით მოხელეებს კანონით მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების შესაძლებლობა და ამავდროულად, ბუნებრივია, მოვუწოდებ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ორივეს, ვინაიდან, ჯერ კიდევ მათ შორის ფუნქციები არ გამიჯნულა, დაიწყოს გამოძიება ჩვენს მიერ გაჟღერებულ ყველა ფაქტზე.“ - განაცხადა მეზვრიშვილმა. 


ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ არსებული ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს ODIHR -ის მისიას ყველა საერთაშორისო პარტნიორს.


„მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფაქტები აფერხებს ჩვენს მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ნორმალურ გარემოში წარმოებას,  ეს ჩვენ ვერ შეგვაჩერებს, ვერ შეგვაშინებს და აუცილებლად მივალთ იმ ნაბიჯებით, რასაც ვდგამთ ყოველდღიურად გამარჯვებამდე.“ -განაცხადა პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ. 


ნათია მეზვრიშვილმა ახლაც დაასახელა კონკრეტული შემთხვევები, ვის მიმართ და რა სახის ზეწოლა განხორციელდა. სამწუხაროდ, აქტიურად ხდება ძალოვანი უწყებების გამოყენება და ეს ტენდენცია შეინიშნება,
„ახალქალაქის საკრებულოს პარტიული სიის მესამე ნომრობის კანდიდატი - ვართან ჩოლახიანი, რომელმაც სუსის მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად მოხსნა კანდიდატურა; ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჰეშკიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოვანეს ოვსეპიანი, რომელის მეუღლეზე განახორციელეს ზეწოლა, რომ სკოლაში საათებს აღარ მისცემდნენ და ოჯახში გარკვეული პრობლემებს შეუქმნიდნენ  და მან მოხსნა კანდიდატურა; 


ნინოწმინდის შტაბის უფროსი გევორქ ბაბერციანი, რომელმაც პარტიული საქმიანობის გამო ზეწოლის შედეგად განცხადება დაწერა და გაათავისუფლეს სამსახურიდან. ახალქალაქში იყო კიდევ კანდიდატურის მოხსნის ორი ფაქტი, ახალქალაქში იყო კიდევ კანდიდატურის მოხსნის ორი ფაქტი, ზეწოლის შედეგად - რეეშ კაზარიანი და ლორან რეზოიანი, ასევე მაჰმან მამედოვი ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალის თემში ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი და სიის მე-11 ნომერი, რომელმაც ძალოვანი უწყებების ზეწოლის შედეგად მოხსნა კანდიდატურა. 


ადიგენის საოლქო მაჟორიტარობის და პროპორციული სიის კანდიდატი -კობა გელაშვილი, რომელსაც შვილების სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ და ამ ადამიანმაც მოხსნა კანდიდატურა. ოზურგეთის რაიონში, დაბა ნასაკირალში მაჟორიტარობის კანდიდატმა ნონა ტუნაძემ, არჩილ და ავთანდილ თალაკვაძეების აქტიური ჩართულობით  და ზეწოლით  მოხსნა კანდიდატურა. თელავის რაიონის სოფელი ყარაჯალა, ნოვრუზ გოჩაიდათოღლი, რომელსაც ბიზნესზე ზეწოლით  და ბიზნესის შევიწროებით დაემუქრნენ და მოხსნა კანდიდატურა.’’ - ჩამოთვალა მეზვრიშვილმა.

,,ასეთი ქეისები გახლავთ ათეულობით.ჩვენ ამ ფაქტების შესახებ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სამწუხაროდ, არ რეაგირებენ სამართალდამცავი ორგანოები და ვინც რეაგირებს, იმას ვაწვდით კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას. ამას უკვე სისტემური ხასიათი აქვს ახალქალაქში და ზოგადად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, გურიაში, მარნეულში, კახეთში და, პრაქტიკულად, უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.კანდიდატურების მოხსნის პარალელურად არ გაჩერებულა მუქარა ზეწოლებიც, უკანონო ჩხრეკვები  ანუ  მეთოდები, რასაც აქამდე იყენებდნენ გრძელდება გრძელდება და ისევ სისტემური ხასიათი აქვს.“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი