ნინო ლაცაბიძე - "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების წესში განხორციელებულმა ცვლილებებმა უკვე რეალური სიკეთე მოუტანა ისნის რაიონს"

04 Jul 2018 17:14

თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, ისნის რაიონის გამგებელთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, ნავთლუღის საუბნო ტერიტორიულ ერთეულში მიმდინარე ობიექტები დაათვალიერა. ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების წესში თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით განხორციელებულმა ცვლილებებმა უკვე რეალური სიკეთე მოუტანა ისნის რაიონს.


”სწორედ ამ ცვლილებების შედეგად ბიუჯეტის თანხების რაციონალური ხარჯვა მივიღეთ. ახალმა სისტემამ მაქსიმალურად გამორიცხა კორუფციის რისკები, ამხანაგობები დააახლოვა გამგეობებთან და სამუშაოების ხარისხი გააორმაგა,”- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.


ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ქეთევან წამებულის გამზირის N73-ში იმყოფებოდა, სადაც მიმდინარეობს ქანობიანი სახურავი/წყალსაწრეტი მილების შეკეთება. მან ასევე დაათვალიერა ბერი გაბრიელ სალოსის N137 - ის მიმდებარედ არსებული ბრტყელი სახურავის რეაბილიტაციის პროცესი. გაეცნო წითელ ხაზებში მოქცეული წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N100 - ის, N104 - ისა და N145 - ის მიმდებარედ მდებარეობს.


ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში ნავთლუღის საუბნო ტერიტორიულ ერთეულში მიმდინარე ობიექტების სამუშაოს ჯამური ღირებულება 92 061 ლარს შეადგენს.


კომენტარები:

ფართი შოპი