„ქართული ოცნება“ კვლავ საკუთარ ინტერესებზე მორგებული საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას ეცდება“ - გიგი წერეთელი

06 Sep 2021 14:34

„ნდობა მათ მიმართ ძალიან დაბალია. ძალიან ბევრჯერ გატეხეს სიტყვა და არ გააკეთეს ის, რასაც დაპირდნენ ჩვენს მოსახლეობასა თუ პოლიტიკურ სპექტრს, ამიტომ ძნელია მათი ქმედებების პროგნოზი“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი წერეთელი კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ რეფორმებს


„მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” დატოვა შარლ მიშელის შეთანხმება და უარი თქვა პუნქტების განხორციელებაზე, ძალიან ძნელია პროგნოზი თუ რას შესთავაზებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებში რა ახალ კორექტივებს შეიტანენ და ზოგადად ნდობა მათ მიმართ ძალიან დაბალია. მათ ძალიან ბევრჯერ გატეხეს სიტყვა და არ გააკეთეს ის, რასაც დაპირდნენ ჩვენს მოსახლეობასა თუ პოლიტიკურ სპექტრს. ამიტომ ამ ცვლილებებში ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკურ ნაწილში იქნება ის, რომ ყველა შემდგომი არჩევნები იყოს პროპორციული და ბარიერი იმგვარი, 2%-იანზე იყო საუბარი, რაც გარანტიას მისცემს მომავალ პარლამენტს იყოს უფრო მრავალფეროვანი და კარგი საფუძველი ჰქონდეს კოალიციურ ხელისუფლებას. ასევე მნიშვნელოვანია, ბუნებრივია მართლმსაჯულების რეფორმა, იქ არის პროკურატურის დაკომპლექტება, საგამოძიებო სისტემა და ა.შ, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ რომ, ძალიან ძნელია ახლა ივარაუდო თუ რას მოიმოქმედებენ ისინი, რანაირ ცვლილებებს შეიტანენ, რაც აუცილებლად მათი სურვილით მოემსახურება მათ ინტერესს და არა ქვეყნისა და რეფორმების ინტერესს.“ - განაცხადა წერეთელმა


ცნობისთვის შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 2%-მდედაწევას ითვალისწინებს და მანდატების განაწილების პროპორციულ წესს ადგენს. ასევე, ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა 7-დან 4-მდე მცირდება. ამავე პროექტის თანახმად, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუ ამ წესით არჩევა ვერ მოხდა, არჩევა შესაძლებელი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერით.




კომენტარები:

ფართი შოპი