საკეისრო კვეთის დროს ახალგაზრდა ქალს ექიმმა მუცელში 50 სანტიმეტრიანი მარლის ტამპონი ჩაუტოვა (+video)

07 Jul 2018 03:23

საკეისრო კვეთის დროს სოფიო კლერტიაშვილს ექიმმა მუცელში 50 სანტიმეტრიანი მარლის ტამპონი ჩაუტოვა. პაციენტმა ოპერაციიდან მხოლოდ 40 დღის შემდეგ გაიგო, რომ უცხო სხეულს ატარებდა. ახალგაზრდა ქალს ექიმის შეცდომის გამო შინაგანი ორგანოები დაუჩირქდა და პერიტონიტი განუვითარდა. სოფიო კლერტიაშვილი ეკრანზე გამოჩენას ერიდება და ამბობს, რომ ექიმის და მისი ახლობლების მხრიდან ანგარიშსწორების ეშინია.


ახალგაზრდა ქალმა საკეისრო კვეთა კერძო კლინიკა „ნინოში“ გაიკეთა. კლერტიაშვილის თქმით, მეან-გინეკოლოგმა, ეკა გაგუამ ოპერაციიდან მეორე დღეს ძლიერი ტკივილითა და მაღალი სიცხით საავადმყოფოდან პაციენტი ისე გამოწერა, რომ არც კი უნახავს.


40 დღე სოფიო კლერტიაშვილს ძლიერი ტკივილები და მაღალი ტემპერატურა უგრძელდებოდა. ექიმ გაგუასთან სამჯერ მივიდა, თუმცა მისი განცხადებით, ხშირი ვიზიტით შეწუხებულმა მედიკოსმა პაციენტი და მისი დედა კაბინეტიდან გამოაგდო.


საკეისრო კვეთიდან, დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ სოფიო კლერტიაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქირურგიის ცენტრში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. სწორედ ამ ოპერაციის დროს აღმოუჩინეს ახალგაზრდა დედას მუცელში ჩატოვებული 50 სანტიმეტრიანი მარლის ტამპონი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე მძიმეა. 


კერძო სამშობიარო სახლ „ნინოს“ მთავარი ექიმი და მეანგინეკოლოგ ეკა გაგუას დედა, ნინო კაკულია ამტკიცებს, რომ ექიმ შვილს შეცდომა არ დაუშვია და პაციენტი ცოცხალია. ინციდენტის შემდეგ ექიმი გაგუა 2-თვიან შვებულებაში გავიდა.




კომენტარები:

ფართი შოპი