ხატია დეკანოიძე - „ჩვენ ყველას ერთად გვაქვს ერთი ისტორიული ამოცანა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მომავლის გადარჩენა“

07 Sep 2021 15:52

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობა და ხელისუფლება. მისი თქმით, ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას, ჩავარდნილია ვაქცინაცია და მას ასევე ხელისუფლება ქვეყნის ევროპული კურსის მიმართ გულგრილობაში დაადანაშაულა.

 

„ჩვენ ყველას ერთად გვაქვს ერთი ისტორიული ამოცანა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მომავლის გადარჩენა. როდესაც აქ ვსაუბრობთ თქვენს მიერ ინიცირებული პროკურორის არჩევის წესის შეცვლაზე, იმაზე, რომ თურმე ამ ქვეყანაში უკეთესი სასამართლო გვქონია და კანონის უზენაესობა, ვიდრე ევროპის კავშირში, ყველას ძალიან კარგად უნდა გახსოვდეთ, როგორია ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობა ყოველდღიურად. ამიტომ, 2 ოქტომბერს რეფერენდუმზე ნამდვილად გამოჩნდება თქვენი პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ბარიერი, რომელსაც თქვენ ვერ გადალახავთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

დეპუტატმა პლენარული სხდომიდან მიმართა სახალხო დამცველს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ხატია დეკანოიძის განცხადებით ახალქალაქსა და ნინოწმინდაში სუსი და პოლიცია ყველაფერს აკეთებს პოლიტიკური პარტიების სიებში, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის სიებში მყოფი ადამიანების დასაშინებლად. დეპუტატი ამ ფაქტებზე რეაგირებას ითხოვს.




კომენტარები:

ფართი შოპი