გიორგი გახარია - თითოეული თქვენგანი დარწმუნებულია, რომ სწორ და კეთილ საქმეს ემსახურება, მიუხედავად იმ წარმოუდგენელი წინააღმდეგობისა, რასაც ჩვენ გვიწევენ

07 Sep 2021 18:22

ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს, კახეთში, თელავის მერობის, ახმეტის და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატების და სიის წევრების წარდგენის დროს განაცხადა.


„საერთოდ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა რასაც ვაკეთებთ, ვარღვევთ წრეს, ამას თავისი შეფასება ექნება, მე ამაში დარწმუნებული ვარ, ვიცი, რომ თითოეული თქვენგანი დარწმუნებულია, რომ სწორ და კეთილ საქმეს ემსახურება, მიუხედავად იმ წარმოუდგენელი წინააღმდეგობისა, რასაც ჩვენ გვიწევენ, მაგრამ, ჩვენ ყველა შემთხვევაში ჩვენი ღირსება უნდა შევინარჩუნოთ. ეს არის მთავარი! იმიტომ, რომ წინააღმდეგობები კიდევ ბევრი იქნება, ფაქტობრივად, ჩათვალეთ, რომ ჩვენ ახლა შევდივართ პროცესში, ნორმალური, ძლიერი, სამართლიანი და, რაც მთავარია, თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის და ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები, მე მართლა მჯერა ამის. ამისი მჯერა და ვთვლი, რომ აი, ის 30 წელი, რომელზეც ჩვენ დავდივართ მოჯადოებულ წრეზე, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავარღვიოთ.


 ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინმეს ვებრძვით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, კარგი რაც გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. უბრალოდ, ჩვენი მიზანია, კარგი შევინარჩუნოთ და იმ კარგზე კიდევ ახალი დავაშენოთ.  ხომ არ შეიძლება, რამდენი ამ ქვეყანაშ ხელისუფლება შეიცვლება, სახლის შენება დავიწყოთ ნულიდან - წინა დავანგრიოთ და დავიწყოთ ყოველ ჯერზე ფუნდამენტის თავიდან შენება, ნუ, შეუძლებელია. 


ასე ქვეყნები, სახელმწიფოები ვერ ყალიბდებიან, ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველაფერი კარგი, რაც იყო ჩვენამდე, რაშიც ჩვენც მიგვიღია ნაწილობრივ მონაწილეობა, შეცდომები, რომლებშიც, ასევე მიგვიღია მონაწილეობა, მთავარია, ყველაფერი კარგი შევინარჩუნოთ და ამაზე დავაშენოთ კიდევ უფრო უკეთესი და მეტი სართული" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ახლა არის პერიოდი, როდესაც ყველამ უნდა აკეთოს ქვეყნის საქმე.

„ჩვენ არ ვებრძვით  არავის, ამიტომ ვამბობთ, რომ საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ! 


ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, აქ, თელავში. თელავში, ისე როგორც არსად საქართველოში, ბრძოლის ფასი იციან, ომშიც და მშვიდობიანობის დროს, შრომაც და ბრძოლაც. ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ისეთი დროა, რომ რაღაცა პერიოდი ჩვენი პირადული უნდა დავივიწყოთ და წინ უნდა წამოვწიოთ საერთო ქვეყნის საქმე! 


ეს არის და ეს! ეს არის მთავარი. ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები, მერწმუნეთ! 


მინდა იცოდეთ, რომ ეს შემართება არის ძალიან მნიშვნელოვანი - კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი,  სხვანაირად არაფერი არ გამოვა! ამ პატარა ქვეყანაში, შეზღუდული რესურსებით, კორუფცია და ნეპოტიზმი არის დამღუპველი! შენ როდესაც ცოტა გაქვს რესურსი, შენ როდესაც გაქვს მწირი შემოსავალი, შენ თუ ამას არასამართლიანად, არასწორად და არაეფექტურად ანაწილებ, შენ უბრალოდ ღუპავ შენს ქვეყანას და ქმნი უსამართლობის განცდას. 


უსამართლობის განცდაში არაფერი არ იქნება. რაც შეეხება ნეპოტიზმს. შენ თუ არ გაქვს სამართლიანი კონკურენცია და ნიჭიერმა ახალგაზრდამ არ იცის, რომ აქ შესაბამის, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს - სამსახურსაც იშოვის, თვითრეალიზების შესაძლებლობაც ექნება, ერთხელ ცდის, ორჯერ ცდის და წავა და სხვა სახელმწიფოებს ემსახურება. 


ჩვენ ადამიანური რესურსის გარდა სხვა რესურსი არ გვაქვს. არც გაზი გვაქვს, არც ნავთობი. ჩვენი მთავარი რესურსი არის ადამიანი. ამიტომ ყოველთვის, როცა ჩვენ რაღაცას ვამბობთ და ვაკეთებთ, ვეყრდნობით კეთილსინდისიერ პროფესიონალებს.

რა თქმა უნდა ადამიანი შეიძლება იყოს სუპერ პროფესიონალი, მაგრამ ის თუ კეთილსინდისიერი არ არის, არ გვჭირდება მისი პროფესიონალიზმი. 


შეიძლება ადამიანი კეთილსინდისიერი იყოს, მაგრამ საქმეში იყოს სუსტი, უნდა ვასწავლოთ. თუ გამოუვიდა და ისწავლის, რა თქმა უნდა ჩვენს გვერდით იქნება, თუ არ გამოუვა, კეთილსინდისიერი, მაგრამ უსაქმური ასეთიც არ გვჭირდება. ეს არის ძირითადი მიდგომა, რომელსაც უნდა მივყვეთ. ამიტომ ამ პრინციპით არის თითოეული თქვენგანი შერჩეული" - განაცხადა გიორგი გახარიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი