მაკა ბოჭორიშვილი ფინეთის ელჩს შეხვდა

07 Sep 2021 20:21

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კირსტი ნარინენს შეხვდა.

 

შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, მათ შორის ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს.

 

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგზე და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე ხელისუფლების ამბიციური გეგმაზე, რომელიც 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობის ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გულისხმობს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი შეეხო ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის ფინეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

 

ფინეთის ელჩთან შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს.

 

კირსტი ნარინენმა დადებითად შეაფასა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწეული პროგრესი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ ფინეთის უპირობო მხარდაჭერა დაადასტურა.

 

შეხვედრის ფარგლებში მან კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება საქართველოს მიმართ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებული საევაკუაციო ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის და ფინეთის მოქალაქეებისა და ფინეთის დაცვის ქვეშ მყოფი ავღანელების ევაკუაციის პროცესში გაწეული დროული დახმარებისთვის.

 

შეხვედრის დასასრულს მხარეები მჭიდრო სამომავლო ურთიერთობებზე და საერთაშორისო ფორმატში კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.


კომენტარები:

ფართი შოპი