გიორგი გახარია გურჯაანში კანდიდატზე განხორციელებულ ზეწოლაზე: „დღეს აქ ლაგოდეხიდან ბიჭი მოდიდოდა, გზაში - თელავში გააჩერეს და 2 საათია ვერ გვიპოვია“

07 Sep 2021 21:24

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ კახეთში გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს  მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის წევრები წარადგინა.  


,,ახლა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, მომავლის გეგმებს ვსახავთ და სამწუხაროდ, პარალელურად აქ ლაგოდეხიდან ბიჭი მოდიოდა, თელავში გზაზე გააჩერეს და 2 საათია ტელეფონით ვერ გვიპოვია.  ჩვეულებრივი პირდაპირი ზეწოლაა, ზუსტად ისეთი, როგორიც 2011-2012 წლებში იყო. 


ხაშურში მერობის კანდიდატზე, ძალიან მაგარ კაცზე, ბიზნესმენზე, ადგილობრივზე - პირდაპირი მუქარით მის საქმეს და ბიზნესს უკვე გასცდნენ და ოჯახის წევრებზე ემუქრებიან  - იმას დავიჭერთ, ამას, შემოგიგზავნით ფინანსურ პოლიციას. წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებენ. ფოთში ჩვენს სიაში მყოფი საჯარო მოხელის ნათესავებთან მიდიან და ნათესავებს ეუბნებიან, რომ გადაათქმევინეთ, თორემ თქვენ გაგაგდებთო - თავად მასთან ვერ მიდიან და ნათესავებს ეუბნებიან, თქვენ მოელაპარაკეთ, თორემ გაგაგდებთო.’’- ისაუბრა გიორგი გახარიამ გურჯაანში კანდიდატების წარდგენისას.
,,ჩვენ ზუსტად სამი თვე გვისრულდება ახლა. 


 ვერავინ იჯერებდა, რომ სამი თვის შექმნილი პარტია, სამი თვის განმავლობაში ჩაატარებდა იმხელა საქმეს, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ და მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში, წარადგენდა სიების კანდიდატებს და  თითქმის ყველგან მერობის კანდიდატებს. წარმოუდგენლად დიდი საქმე გავაკეთეთ  ყველამ ერთად. ამას არ ელოდებოდნენ - 2 რიცხვში, როგორც კი შევიტანეთ ეს, უკვე მთელი საქართველო მოვიცავით, დავარეგისტრირეთ სიები -  ახლა ამ სიების აფეთქებაზე მუშაობენ - პირველ რიგში სიების, მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატების.’’- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პარტიის წარმატებული მუშაობის გამო, ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით, „ოცნებისგან“ პარტიაზე და მის კანდიდატებზე წამოსული თავდასხმები, დაშინების, მუქარისა და შანტაჟის შემთხვევები  მის გუნდს მეტ ძალას მატებს.

,,მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს ყველაფერი ძალას გვმატებს. დასანანია და გულგასატეხია რაც ერთად გვიკეთებია, გვიშრომია და შედეგისთვის მიგვიღწევია - მაგრამ ყველას მინდა გითხრათ, რომ  იმან რაც ახლა ხდება, არ უნდა გაგვაბოროტოს. ჩვენ ჩვენი ღირსება უნდა შევინარჩუნოთ, უნდა შევიდეთ იმ ხალხის მდგომარეობაში, ვისაც ახლა ამას ავალებენ და ამ რიგითებს უწევთ იქ რაღაც სისულელეების კეთება. წყნარად, მშვიდად - არავის ლანძღვა ჩვენ არ გვჭირდება - საქმეს უნდა მივყვეთ. ეს არის მთავარი მიზანი.’’ - განაცხადა გახარიამ.
,,ჩვენი გამარჯვების ფასი და ჩვენი წარმატების ფასი იქნება ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ზოგიერთებს ჰგონიათ და ამ არჩევნებიდან იწყება ცვლილებები! ჩვენ არსად არ გვეჩქარება - იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია ძლიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა.’’- ამბობს პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე.




კომენტარები:

ფართი შოპი