გიორგი გახარია:„სამ თვეში პარტია ჩამოვაყალიბეთ და მთელ საქართველოში ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას - ასეთი შედეგი ჯერ არავის არ ჰქონია - დღეს „საქართველოსთვის“ არის ერთადერთი პარტია მზარდი რეიტინგით“

07 Sep 2021 22:39

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ კახეთში  ყვარლის მერობის კანდიდატი გიორგი გიგილოშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინდა.


„სამი თვე გავიდა, რაც  პარტია ჩამოვაყალიბეთ და  მთელ საქართველოში მუნიციპალურ დონეზე წარმოდგენილები ვართ და არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას - ასეთი შედეგი ჯერ არავის არ ჰქონია და პარტია „საქართველოსთვის" დღეს არის ერთადერთი პარტია ამ ქვეყანაში მზარდი რეიტინგით. ყველა სხვა პარტია ან ერთ ადგილას დგას ან ქვემოთ მოდიან.’’მიმართა მხარდამჭერებს გიორგი გახარიამ ყვარელში.


,,რა თქმა უნდა, ამას თავისი ახსნა აქვს - პირველ რიგში ის, რომ ჩვენს გუნდში გვყავს კეთილსინდისიერი პროფესიონალები. 


ხალხს მობეზრდა ეს „ჩაკეტილი წრე", როდესაც ფაქტობრივად, არჩევანი არა გაქვს - იმიტომ, რომ ერთ მხარეს არის „ნაციონალური მოძრაობა", მეორე მხარეს არის „ოცნება". ოცნება დღეს როგორც იქცევა - ფაქტობრივად, გვაბრუნებს „ნაციონალური მოძრაობის" წარსულში.  იქიდან ნაციონალური მოძრაობა გვემუქრება - მე მოვალ და შენს მომავალს მე შევქმნიო - ჩვეულებრივი საგიჟეთია.  ახლა ამ ყველაფერს დამთხვეული დაემთხვა. ‘’- განაცხადა გიორგი გახარიამ.


,,ეს წრე ჩვენ უნდა გავარღვიოთ’’ -მიმართა მხარდამჭერებს გიორგი გახარიამ.


პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ თბილისის მერად საკუთარი კანდიდატურის წარდგენის მიზეზებზეც ისაუბრა.


,,ჩემი თბილისის მერობის კანდიდატად დადგომას ჰქონდა ორი ძირითადი მიზეზი: 


პირველი - როგორმე დამეცვა ზეწოლებისგან  ჩვენი მერობის კანდიდატები -მათზე პირდაპირ ზეწოლა ხორციელდება და ასე გვაბრუნებს ოცნება ნაციონალური მოძრაობის წარსულში; 


ეს იყო ერთი და მეორე -  როდესაც გუნდში ვისხედით და ვსაუბრობდით, მივხვდით, რომ ადამიანებს არჩევანი არ აქვთ. 


დღეს ყველაფერი იქით მიდის, რომ „ოცნება" და „ნაციონალური" მოძრაობა ბევრ სფეროში ერთმანეთისგან, ფაქტიურად, უკვე აღარ განსხვავდებიან. გამოდის, რომ არჩევანი არ არის და  შეზღუდულია არჩევანი. 


ეს აწყობს ორივე მხარეს, რადგან ჰგონიათ, რომ ჰყავთ თავიანთი სტაბილური ამომრჩეველი და დანარჩენს ან მოისყიდიან ან რაღაც ზემოქმედებით შეძლებენ აიძულონ, რომ ხმა მიაცემინონ -ამ შემთხვევაში, „ოცნებას" ვგულისხმობ. ამიტომ, ჩვენ უბრალოდ, ამ ნაბიჯით გავაკეთეთ ის, რომ არჩევანი გავუჩინეთ ამომრჩეველს თბილისშიც და სხვაგანაც. 


და ამ არჩევანს დაცვა სჭირდება.’’ - განაცხადა გიორგი გახარიამ.


,,ჩვენ შევძლებთ, კარგი შედეგები ვაჩვენოთ. ოღონდ  წყნარად, მშვიდად - არავის ლანძღვა ჩვენ არ გვჭირდება - ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყნის წარმატებისთვის და ჩვენთვის ბრძოლა თვითმიზანი არ არის.’’ -მიმართა მხარდამჭერებს გახარიამ.


პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ წარდგენაზე პარტიის ერთ-ერთ მაჟორიტარზე იმავე დღეს განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა, რომელიც პარტია ,,საქართველოსთვის“ კანდიდატების წარდგენაზე მიმავალი შეაჩერეს, სავარაუდოდ პოლიციამ და  საკუთარ წარდგენაზე დასწრების ნაცვლად ცესკოში წაიყვანეს და ,,რაღაც ქაღალდზე“ მოაწერინეს ხელი. 


გიორგი გახარია ხაზს უსვამს, რომ ასეთი მეთოდების გამოყენება მხოლოდ უსუსურობის გამოვლინებაა.


,,დღეს თელავში გვქონდა წარდგენა 12 საათზე, ლაგოდეხიდან გამოვიდა ახალგაზრდა კაცი, მაჟორიტარების სიაში მყოფი - გზაში ვიღაცამ გააჩერა,   ვფიქრობ, რომ ეს პოლიცია იყო. მიიყვანეს ცესკოში და იქ აიძულეს ხელი მოეწერა რაღაც ქაღალდზე. 


ეს იმხელა უსუსურობის გამოვლენაა, რომ წარმოუდგენელია.’’- ამბობს გახარია და გამოყენებულ მეთოდებს ,,კარიკატურულად“ აფასებს.  


,,9 წელი გავიდა და ფაქტობრივად, ვბრუნდებით იმ წარსულში - ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დღევანდელი ხელისუფლება იმდენად უსუსურია, ეს იძენს რაღაც კარიკატურულ ფორმებს, ღიმილის მომგვრელია. ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევას  წყნარად, მშვიდად რომ მივცემთ  რეაგირებას - ეს გასაგებია. 


მაგრამ ამასთან ერთად, ის ადამიანებიც მეცოდებიან, რომელთაც  თავისმა უფროსმა თბილისიდან რაღაცა დაავალა და ეს ახლა იძულებულია თავის მეზობელს ასე მოექცეს. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი !’’- ამბობს გახარია.


,,წყნარად, მშვიდად მივდივართ და საქმეს ვაკეთებთ - ვიცავთ ყვარლის და საქართველოს ინტერესებს!’’ - მიმართა პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მხარდამჭერებს.




კომენტარები:

ფართი შოპი