პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნათია მეზვრიშვილმა დღეს მომდევნო ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას პარტიის წევრებზე, პარტიის დატოვების მიზნით განხორციელებული ზეწოლების კონკრეტული ფაქტები წარუდგინა

07 Sep 2021 22:47

ნათია მეზვრიშვილმა მიმდინარე ზეწოლებს ,,სისტემური დანაშაულის ფაქტები“ უწოდა.
,,ოცნება მთელი სახელმწიფო მანქანის გამოყენებით აგრძელებს პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერების და ჩვენი წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნას, რისთვისაც იყენებს  მუქარისა და ზეწოლის სხვადასხვა მეთოდებს.


სამწუხაროდ, რა მეთოდებსაც ახლა „ოცნება" იყენებს, ამ მეთოდებმა, როგორც საზოგადოებამ კარგად იხილა - წინა ხელისუფლების მმართველობა მიიყვანა დასასრულამდე. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნების" მმართველობასაც ამ მეთოდების გამოყენება ამ და ყოველ მომდევნო არჩევნებზე მიიყვანს დასასრულამდე.’’ - განაცხადა მეზვრიშვილმა.  


,,დღეს თავისივე ღირებულებებს დაშორებული „ოცნება", რომელიც სისტემური დანაშაულის წინააღმდეგ წლების განმავლობაში თავად იბრძოდა - „ნაციონალური მოძრაობის" მეთოდების გამოყენებით ებრძვის ქვეყანაში ერთადერთ პოლიტიკურ პარტიას, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი სახელმწიფო და ხალხია და რომელსაც შესწევს უნარი გაარღვიოს „მოჯადოებული წრე“ და ქვეყანა წაიყვანოს წინ. ‘’ - ამბობს მეზვრიშვილი.


პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ჩამოთვალა სახელმწიფო უწყებები, რომელსაც „ოცნება“ ზეწოლის განსახორციელებლად იყენებს.


,,ოცნება“ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს პოლიციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას, შემოსავლების სამსახურს და ამის პარალელურად, რაც ძალიან ნიშანდობლივია -  ერთმანეთის მიყოლებით აუქმებს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც ამ უწყებების დამოუკიდებლობას და მათი მხრიდან ხალხის მსახურებას ისახავს მიზნად. როგორც ყველამ ვიხილეთ, ჯერ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე თქვეს ღიად უარი და ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ხალხს 75 მილიონი ევრო დააკარგვინეს. ახლა დღევანდელი განცხადებები ვიხილეთ და უკვე პროკურატურის დამოუკიდებლობაზე ღიად განაცხადეს უარი.’’- ამბობს მეზვრიშვილი. 


ნათია მეზვრიშვილმა კონკრეტულად დაასახელა ზეწოლის მრავალი ფაქტი, საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან.

 
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი მაწიმის მაჟორიტარობის კანდიდატი აკაკი ლობჟანიძე, რომელიც ყვარელში მიდიოდა კანდიდატად წარდგენის ცერემონიალზე - უბრალოდ გაქრა, გზიდან გაუჩინარდა და ამ დრომდე ამ ადამიანთან ვერ შევძელით კონტაქტის დამყარება. 


ანუ ადამიანი, რომელიც დილით პარტიის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, გიორგი გახარიასთან ერთად ღონისძიებაზე უნდა ყოფილიყო - ეს ადამიანი გაქრა“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილმა გუშინ მომხდარ ფაქტზეც ისაუბრა, რომელიც ყვარელში პარტია„საქართველოსთვის“ შტაბის ხელმძღვანელის სიცოცხლის პოტენციურ ხელყოფას ეხებოდა. 


„6 სექტემბერს, ყვარლის შტაბის უფროსს ლაშა ალადოშვილს, რომელსაც მანამდე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები უთვალთვალებდნენ - მანქანის საბურავზე ექვსივე სამაგრი დაუშვეს და ეს ადამიანი პრაქტიკულად სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.“- ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე. 


„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნათელა ავსაჯანიშვილმა მოხსნა კანდიდატურა - ზეწოლა განხორციელდა ქალბატონი ნათელას შვილზე. 


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარტიული სიის კანდიდატმა ლელა გუჯარაიძემ მოხსნა კანდიდატურა - მასზე ზეწოლა განხორციელდა ძმისგან შეთვლით, რომელიც მუშაობს დაცვის სამსახურში. 


ახმეტის საკრებულოს პარტიული სიის მეჩვიდმეტე ნომერმა, ცეზარ მოსახლიშვილმა, რომელსაც ჰყავს 4 შვილი - კანდიდატურა მოხსნა, რაკი სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრნენ. კობის მაჟორიტარობის კანდიდატმა მზია ჩქარეულმა მოხსნა კანდიდატურა - მუქარა აქაც განხორციელდა ძმის მეშვეობით, რომლის შვილებიც  სისხლის სამართლის საქმეზე გირაოშეფარდებული პირები არიან. 


ზეწოლა ხდება გირაოშეფარდებულ პირებზე, ისევე როგორც იმ ადამიანებზე, რომლის მიმართაც რაიმე ფორმით დევნას ახორციელებს პროკურატურა. მაგალითად გვქონდა შემთხვევა, როდესაც განრიდება გაუფორმეს ადამიანს იმის სანაცვლოდ, რომ კანდიდატურა მოეხსნა ან პარტიული საქმიანობა შეეწყვიტა.“- ამბობს მეზვრიშვილი.


მეზვრიშვილმა ზეწოლების სხვა ფაქტებიც მოიყვანა.

„სამსახურიდან გაუშვეს ასევე ლანჩხუთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატის გენო შარაბიძის მამა - პოლიციის თანამშრომელი დავით შარაბიძე, მხოლოდ და მხოლოდ შვილის პარტიული საქმიანობიდან გამომდინარე.“- ამბობს მეზვრიშვილი.  

ნათია მეზვრიშვილმა უშუალოდ დაასახელა სუსის ჩინოსნის ვინაობაც, რომლის მხრიდანაც აჭარაში პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერებისა და კანდიდატების ზეწოლისა და დევნის შემთხვევები იმართება.

„7 სექტემბერს ზეწოლის შედეგად, კანდიდატურა მოხსნა ომარ აბაშიძემ - მაჟორიტარობის კანდიდატმა ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძეში. ზოგადად, სუსის ადგილობრივი ხელმძღვანელის, თემურ აბაშიძის მიერ ძალიან აქტიურად ხორციელდება ამ რეგიონში ჩვენი კანდიდატების და რაიმე ფორმით პარტიასთან აფილირებული პირების პოლიტიკური ნიშნით დევნა.“  - განაცხადა მან ბრიფინგზე.


ბრიფინგის თემებში მოხვდა ფოთში საკრებულოსა და მერის მოადგილეების მხრიდან სამსახურის ხელმძღვანელებზე ზეწოლა და ამომრჩევლის დანიშება ამომრჩევლის თავისუფალ არჩევანზე ზემოქმედების მიზნით.  
„ფოთში გვაქვს ძალიან საინტერესო შემთხვევა - საკრებულოს მოადგილე და მერის მოადგილე საჯარო სამსახურის ხელმძღვანელ პირებს იბარებენ, ამ ადამიანებს გარეთ ატოვებინებენ ტელეფონს, როგორც ჩანს - ჩაწერა რომ არ განხორციელდეს და ეუბნებიან, რომ საარჩევნო უბნებზე ბიულეტენებზე, როდესაც ხმის მიცემა ხორციელდება - ამ ყველაფერს აკონტროლებენ. 


ისინი ავალებენ საჯარო მოხელეებს, რომ ასლები გადაიღონ და შემდგომ მათ  მიუტანონ.“- ამბობს მეზვრიშვილი.

პარტია „საქართველოსთვის“ ინფორმაციით დაკავების რისკის წინაშე დგას ხელვაჩაურის პარტიული სიის პირველი ნომერი - რამაზ ფევაძე.“

,,რამაზ ფევაძეზე, რომელიც ხელვაჩაურის პარტიული სიის პირველი ნომერი გახლავთ და ბიზნესსაქმიანობას ეწევა - უკვე მეორედ ხორციელდება ზეწოლა. პრაქტიკულად, მთელი სახელმწიფო მანქანა ამ ადამიანის წინააღმდეგ მუშაობს - ხაზგასმით აღვნიშნავ, დაკავების რისკის ქვეშ არის დღეს ეს ადამიანი! 


მის კომპანიებში შესულია  შემოსავლების სამსახური და საგამოძიებო სამსახური.’’ - ამბობს მეზვრიშვილი პარტიის თქმით, ასევე ინტენსიური ზეწოლა მიმდინარეობს ხაშურში პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატზე - ზვიად ტეფნაძეზე. „ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ზეწოლა, მუქარა და პოლიტიკური ნიშნით დევნა მის მიერ კანდიდატურის მოხსნის მიზნით. მას ჯერჯერობით, კანდიდატურა არ მოუხსნია.“- განაცხადა მეზვრიშვილმა.


„დაუსრულებლად შემიძლია გავაგრძელო : გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის - ვალერი ღონღაძის მიმართ ხორციელდება მუქარა და ზეწოლა, გუდაურის მაჟორიტარობის კანდიდატის ოთარ ქარჩაიძის მიმართ, გორის თეატრის დირექტორის მიმართ, ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭალის მაჟორიტარობის კანდიდატის მიმართ... ზეწოლა იყო მარნეულის საკრებულოს პარტიული სიის მესამე ნომერზე, რომელმაც მოხსნა კანდიდატურა, მარნეულის პარტიული სიის მეხუთე ნომერზე, ახალციხის საკრებულოს პარტიული სიის მეექვსე ნომერზე, პაატა მანჩხაშვილზე, რომელმაც ასევე მოხსნა კანდიდატურა...ერთი ნიშანდობლივი ფაქტი, რაც ასევე ყურადღებამისაქცევია - ამ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, როდესაც შიშის და ზეწოლის ქვეშ ხსნიან კანდიდატურას, ყოველგვარ კომუნიკაციას წყვეტენ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებთან.’’ - ამბობს პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე.


ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე ხაზი გაუსვა, რომ პარტიამ უკვე 6 ბრიფინგი გამართა, სადაც პირდაპირ აცნობენ საზოგადოებას სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ საქმეებს და არცერთ მათგანზე გამოძიება არ დაუწყიათ სამართალდამცავებს.


„ამ ფაქტებზე ტყუილად არ ვსაუბრობ ბრიფინგის მეშვეობით. მე მინდა შევახსენო პროკურატურას და შევახსენო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ უკვე მეხუთე ბრიფინგია, როდესაც პირადად მე პირდაპირ ეთერში ვლაპარაკობ სისხლის სამართლის დანაშაულზე -  ამავე  საკითხზე კიდევ ერთი ბრიფინგი ჩვენმა კოლეგამ ჩაატარა.


ამ დროს ხელისუფლება ნიშნის მოგებით გველაპარაკება. დღეს გამოვიდა „ქართული ოცნების“ მოქმედი თავმჯდომარე და პროკურატურასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ინიციატივა ჩააგდო იმიტომ, რომ თითქოს რაღაცა გავლენის შესაძლებლობას იძლეოდა ეს კანონი. 


პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, ეს ძალოვანი უწყებები პარტიის გავლენის ქვეშ იმყოფებიან და ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ოცნებას ეკისრება, რომ არავინ ამ ფაქტებზე რეაგირებას არ ახდენს. 


მათ პირდაპირი ვალდებულება აქვთ, რომ დანაშაულზე ზუსტად ისევე მოახდინონ რეაგირება, როგორც ჩვენ ვახდენდით ამას, როდესაც ჩვენთან, სამართალდამცავ უწყებაში შეტყობინებები შემოდიოდა.“- ამბობს ნათია მეზვრიშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი