ნიკოლოზ სამხარაძე: პარლამენტის სპიკერების მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე არაღიარების პოლიტიკასა და ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ

08 Sep 2021 11:59

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ავსტრიაში იმყოფება, სადაც პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. პარალელურად, კახა კუჭავა ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს.


ვენაში ვიზიტის პირველი დღე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა. მისი თქმით, ღონისძიების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. 


კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს, ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გამოცდილებას გაუზიარებს.


„იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც აქტიური ურთიერთობა გვაქვს და  აქტიურად ვთანამშრომლობთ, უფრო დეტალურად ვსაუბრობთ იმ სფეროებზე, სადაც შეიძლება ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. 


ასეთი იყო ესტონეთთან, სომხეთთან, იტალიასთან შეხვედრები. თუმცა, დღეს ჩვენ ასევე გვქონდა შეხვედრები ეგვიპტის პარლამენტის სპიკერთან, კამერუნის პარლამენტის სპიკერთან, ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის სპიკერთან. 


ეგვიპტისა და კამერუნის პარლამენტების სპიკერებთან შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისო ფორუმებზე იმისთვის, რომ ყოველთვის ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ეს ქვეყნები არასდროს არ წავლენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ნატოს წევრი, რომელიც ახლა იწყებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე.  ამ მხრივ, ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენზე წინ არიან და კარგია, რომ ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საპარლამენტო დონეზე და ასევე, სამთავრობო დონეზე, ჩვენ გვექნება მუდმივი კომუნიკაცია და მათი გამოცდილების გაზიარება მოხდება. ზოგადად, ბალკანეთი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ევროკავშირისთვის ბალკანეთის გაფართოება უკვე გადაწყვეტილი საკითხია და ბალკანეთის ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობის ინტენსიფიკაცია ასევე, ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის არის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი