მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

08 Sep 2021 21:31

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში - „გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის განხორციელების გაძლიერება ეუთოს რეგიონში: პარლამენტარების წვლილი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე“.

 

თავის გამოსვლაში მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე განხორციელებისა და შესაბამისი უწყებების მიერ ეროვნული სამოქმედო გეგმების შესრულებაზე, ასევე ქვეყანაში გენდერული თანასწორობის კუთხით მიღწეულ პროგრესზე. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ქალთა უფლებების უგულვებელყოფა და დისკრიმინაცია დაასახელა.


მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა და მდგრად სამშვიდობო პროცესებში ქალების ეფექტიანი, მათ შორის დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების მონაწილეობის მნიშვნელობას.

 

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა და რუსეთის მიერ  საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების კუთხით.

 

„საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ოფიციალურად რეგისტრირებულია 283,058 დევნილი, საიდანაც  53% -ზე მეტი ქალია - ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუცია და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამასთან, გენდერული თანასწორობა საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, მარგარეტა კედერფელტმა, ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კარი ჰენრიკსენმა.




კომენტარები:

ფართი შოპი