საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში - „გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის განხორციელების გაძლიერება ეუთოს რეგიონში: პარლამენტარების წვლილი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე“.
თავის გამოსვლაში მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე განხორციელებისა და შესაბამისი უწყებების მიერ ეროვნული სამოქმედო გეგმების შესრულებაზე, ასევე ქვეყანაში გენდერული თანასწორობის კუთხით მიღწეულ პროგრესზე. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ქალთა უფლებების უგულვებელყოფა და დისკრიმინაცია დაასახელა.
მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა და მდგრად სამშვიდობო პროცესებში ქალების ეფექტიანი, მათ შორის დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების მონაწილეობის მნიშვნელობას.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა და რუსეთის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების კუთხით.
„საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ოფიციალურად რეგისტრირებულია 283,058 დევნილი, საიდანაც 53% -ზე მეტი ქალია - ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუცია და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამასთან, გენდერული თანასწორობა საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, მარგარეტა კედერფელტმა, ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კარი ჰენრიკსენმა.