მაკა ბოჭორიშვილმა 30-ე საერთაშორისო კონფერენცია „ევროპა კარპატელებისთვის“ მიიღო მონაწილეობა

08 Sep 2021 21:39

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ონლაინ ფორმატში პოლონეთის ქ. კარპაჩში მიმდინარე 30-ე საერთაშორისო კონფერენცია „ევროპა კარპატელებისთვის“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ტარდება.

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის პანელზე, რომლის ფარგლებშიც გაიმართა დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ.

 

თავის გამოსვლაში მაკა ბოჭორიშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, გამოწვევებზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებაში დაეხმარება. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერის აუცილებლობას.


სიტყვით გამოსვლისას ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო მიზნებსა და ახალ შესაძლებლობებს, ასევე რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობას. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „ასოცირებული ტრიოს“ საერთო ევროპულ მისწრაფებებზე, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაფორმებულ ერთობლივ მემორანდუმსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისთვის მზადების პროცესზე.

 

„ჩვენი ამბიციური გეგმა 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთების თაობაზე იქნება, როგორც საქართველოს ევროპული გზის ლოგიკური გაგრძელება, ისე ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის უმთავრესი ეტაპის დასაწყისი. აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალის ხედვა არ უნდა გამოვყოთ ევროპის მომავლის ხედვისგან, არამედ ის უნდა გამოვიყენოთ ევროპული იდეისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვისთვის. ამის განხორციელება კი მხოლოდ ასოცირებული ტრიოს ევროპული მისწრაფებების აღიარებით, მათთვის ევროპული პერსპექტივების შესაძლებლობით და ევროკავშირის შეთანხმების 49-ე მუხლის კვლავ ერთგულებით არის შესაძლებელი.“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.




კომენტარები:

ფართი შოპი