მეან-გინეკოლოგი თინათინ გაგუა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ორსულების მიერ კოვიდ-ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ შეკითხვებს აჟღერებს და პასუხობს.
„არსებობს რამდენიმე შეკითხვა, რომელსაც ორსულები აცრამდე განსაკუთრებით ხშირად სვამენ, მაგალითად, „თუ უკვე ვიყავი კოვიდინფიცირებული რა ვქნა? მაინც ავიცრა?“ -
თუ გამოჯანმრთელებიდან 30 დღეა გასული, ვაქცინაცია რეკომენდებულია. „თუ მალევე მიწევს მშობიარობა ხომ არ სჯობს მოვიცადო და მოგვიანებით ავიცრა?“ - არა, რადგან დადგინდა, რომ ანტისხეულები ახალშობილებშიც გვხვდება, ამიტომ ორსულობის ნებისმიერი ვადა ახალშობილის დასაცავად კარგი პერიოდია.
„ვაქცინაცია ძუძუთი კვების შეწყვეტას ხომ არ მოითხოვს?“ - არა, ლაქტაცია ვაქცინაციისთვის საკმაოდ უსაფრთხო პერიოდია. „ვგეგმავ დაორსულებას, ანუ დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს, ვაქცინა ხელის შემშლელი ფაქტორი ხომ არ იქნება?“ - ასეთ შემთხვევაშიც ვაქცინაცია ნებადართულია, ის ორსულობის გადავადებას არ მოითხოვს. „ვიღებ ორსულობის პერიოდისთვის საჭირო პრეპარატებს, რამდენად რეკომენდებულია აცრა?“ - არც ერთი კონკრეტული პრეპარატი, რომელიც ორსულს ამ პერიოდში ენიშნება, ვაქცინაციისთვის წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს, თუ თქვენ მაღალი რისკჯგუფის ორსული ხართ, პირიქით, უფრო მეტად გჭირდებათ კოვიდისგან დაცვა“ - განმარტავს თინათინ გაგუა.
ცნობისთვის, საქართველოში ორსულების ვაქცინაცია "ფაიზერის" ვაქცინით მიმდინარეობს.
წყარო: " bm.ge "