მუშავდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ხელოვნურად შეცვლილი გვარების მქონე ცალკეული ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეები საკუთარი გვარების დაბრუნებას შეძლებენ

09 Sep 2021 21:21

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, სავალან მირზოევმა და პარლამენტის წევრებმა, ზაურ დარგალმა და ისკო დასენმა ცალკეული ეთნიკური წარმომავლობის მქონე პირთა გვარების ხელოვნურად შეცვლასთან და მინიჭებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების განსახილველად სამუშაო შეხვედრა გამართეს.


შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი.


კომიტეტი მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც ხელოვნურად შეცვლილი გვარების მქონე ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეები (მათ შორის იეზიდები, აზერბაიჯანლები) შეძლებენ თავიანთ ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შესაბამისობაში მყოფი წესების მიხედვით ფორმირებული გვარის დაბრუნებას.


დეპუტატებმა და უწყებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს აღნიშნული საკითხის მნიშვნელობაზე ცალკეული ეთნიკური წარმომავლობის მქონე პირებისთვის, ასევე, განიხილეს არსებული გამოწვევები და მათ გადასაჭრელად აუცილებელი ღონისძიებები. საუბარი შეეხო აგრეთვე კანონპროექტს, რომელთან დაკავშირებითაც გაიცვალა მოსაზრებები.


განხილულ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელებისა და საკითხების დეტალური განხილვის მიზნით, შეხვედრის მონაწილეები თანამშრომლობის გაგრძელებასა და მოსაზრებების შემდგომ გაზიარებაზე შეთანხმდნენ.


„შესაბამის კანონპროექტზე მუშაობის ფინალურ სტადიაზე ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად მოხდეს ცალკეულ დეტალურ რეგულაციებზე, მათ შორის კანონის ამოქმედებისთვის აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოებისთვის საჭირო ვადებზე შეთანხმება, რის შემდეგაც კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს განსახილველად“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




კომენტარები:

ფართი შოპი