„ლელოს“ თბილისის მარშალის 9 პუნქტიანი გეგმის წარდგენა

09 Sep 2021 22:35

დღეს 9 სექტემბერს, „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ და „ლელოს“ მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა საზოგადოებას „ლელოს თბილისის მარშალის 9 პუნქტიანი გეგმა“ წარუდგინეს. სტრატეგიულ გეგმაში თავმოყრილია, გუნდის ხედვები, ყველა მიმართულებით. „ლელოს მარშალის გეგმის“  წარდგენას, რომელიც „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც ესწრებოდნენ. 


„ლელოს“ გუნდის განვითარების ერთიან კონცეფციაზე, თბილისი განვითარების 9 პუნქტიან გეგმაზე, პარტიის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა ისაუბრა.


„ეს არის „ლელოს“ გუნდის, ქალაქის განვითარების ერთიანი კონცეფცია, რომელიც ემყარება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, კომპეტენციას და ამ ქალაქის მომავლის რწმენას. ჩვენ გვაქვს ნათელი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის თბილისი. 


ჩემი მიზანია, ჩვენი გუნდის მიზანია თბილისი გახდეს თანასწორი შესაძლებლობების ქალაქი. ჩვენი გუნდის მიზანია, თბილისი გახდეს თანამედროვე ევროპული ქალაქი: გამწვანებული, უსაფრთხო, მდიდარი, ადამიანზე მორგებული, ადაპტირებული. მე და ჩვენი გუნდი შევქმნით მზრუნველ და სამართლიან პოლიტიკას თითოეული თბილისელისთვის. მე დღეს ამაყი ვარ, რომ წარმოვადგენ იმ გუნდს, რომლის თითოეულ წევრს გააჩნია კეთილსინდისიერება, ხედვა და კომპეტენცია. დიახ, ჩვენ გაგვაჩნია ხედვა, თუ როგორ უნდა შევქმნათ კორუფციისა და ნეპოტიზმისგან თავისუფალი ქალაქი, ქალაქი ადამიანებისთვის. ჩვენ გაგვაჩნია კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია, როგორ შევქმნათ უკეთესი ჯანდაცვის სერვისები, როგორ ვაქციოთ თბილისის საერთაშორისო მიზიდულობის ცენტრად კულტურის, ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით, როგორ შევქმნათ ათასობით სამუშაო ადგილი,“- განაცხადა ბიბილაშვილმა.


ასე გამოიყურება „ლელოს“ თბილისის რეალური განვითარების ყველაზე ამბიციური 9 პუნქტიანი გეგმა:
1. „ქალაქი ქალაქში“ – 21 საუკუნის თბილისი
2. მზრუნველი და სამართლიანი თბილისი
3. უსაფრთხო და სუფთა ქალაქი
4. მწვანე ქალაქი
5. საქმიანი თბილისი
6. Connected თბილისი
7. ჯანმრთელი და განათლებული თაობის თბილისი
8. მასპინძელი თბილისი
9. ძველი თბილისი


როგორც პარტიაში აცხადებენ, 9 პუნქტიანი გეგმა ადამიანზე და მის საჭიროებებზეა მორგებული. მისი სისრულეში მიყვანა კი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.




კომენტარები:

ფართი შოპი